მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სუს-ის სპეცოპერაცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში

დღეს, შპს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” საქართველოს უსაფრთხოების სამსახური შევიდა. სუს-ი ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია კომპანიის სამი თანამშრომელი.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი და ამავე კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ორ თანამშრომელთან ერთად, შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და როგორც თავად, ასევე, ხსენებული პირების მეშვეობით, სისტემატურად შედიოდა კორუფციულ გარიგებაში შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე და გამარჯვებულ კომპანიებთან. შემუშავებული გეგმის შესაბამისად, აღნიშნული პირები წინასწარ აცნობდნენ სატენდერო პირობებს მათთან დაახლოებულ პირებს, რითაც უზრუნველყოფდნენ შესაბამისი კომპანიების ტენდერში გამარჯვებას.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს არ აფიქსირებდნენ კომპანიების მიერ დაშვებულ დარღვევებს და უზრუნველყოფდნენ ფირმებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვას, სანაცვლოდ მათგან იღებდნენ თანხას პროექტის ღირებულის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ხსენებული პირები ახლობლებს მაღალანაზღაურებად პოზიციებზე ასაქმებდნენ მათ მიერვე ლობირებულ კომპანიებში, საიდანაც თვითონაც იღებდნენ მატერიალურ სარგებელს.
დაკავებული პირების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 25 650 ლარი, 30 000 აშშ დოლარი, ცეცხლსასროლი იარაღი და სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღებასა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, – წერია განცხადებაში.

ხელისუფლების ოპონენტები პრემიერ მინისტრსა და მის გარემოცვას კვლავ კორუფციაში სდებენ ბრალს. როგორც ექსპერტები, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ამბობენ, კომპანიის დაკავებული თანამშრომლები ღარიბაშვილთან დაახლოებულ კომპანიებს აწვდიდნენ ინფორმაციას და ეხმარებოდნენ მილიონობით ლარის ტენდერებში გამარჯვებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button