რეგიონისაქართველოსიახლეები

“დაიწყოს ამ ძეგლის დემონტაჟი!”

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ (ჯამდელიანი) 24 მაისს, საკვირაო ქადაგებაზე, მარნეულის მერს მოუწოდა, რომ ქალაქის კულტურის ცენტრის მიმდებარე სკვერში არსებულ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო, ბოდიში მოიხადოს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი დემონტაჟი.

“რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი. ესეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თავკაცები, რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყვეს რეპრესიები… ნარიმან ნარიმანოვი არის ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში”. – განაცხადა მეუფე გიორგიმ საკვირაო ქადაგებისას.

ქადაგებისას, მეუფე მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ქმედებას უსინდისობად აფასებს და დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მარნეულში არსებულ მდგომარეობაში ჩაერიოს და საბჭოთა კავშირის და ფაშისტური სიმბოლიკები, რომლის ნაწილიც, მეუფის განმარტებით, ნარიმანოვის ძეგლიცაა, მთელ საქართველოში აღმოფხვრას.

„ქალაქის მერი ამას როგორ უნდა კადრულობდეს?! მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი… მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს, თუ რა ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე“. – განაცხადა მეუფე გიორგიმ.

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ მარნეულის მერის ქმედება, კონკრეტულად კი, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია უკანონობაა როგორც მორალურად და ზნეობრივად, ასევე სამართლებრივად.

მეუფის საკვირაო ქადაგება ფეისბუქ გვერდზე „ალილო მარნეულში“ გამოქვეყნდა.

ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button