დაკავება თბილისის მერიაში
ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ანზორ გუნბერიძე დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ კი, ერთ-ერთ ობიექტზე ვითომდა გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოიოთხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
დაკავებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.