დაკავებული აქტივისტი ბათუმელის მედროშე თურქეთში გადაიყვანეს

საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილე, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.
ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ მისმა ცოლმა, ნინო კაკულიამ გაავრცელა.
„ვერაგულად ღამე გაიყვანეს… ვერ დავემშვიდობე“, – დაწერა მან სოციალურ ქსელებში.
„თემურის თურქეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია შემატყობინა ჩემმა მეგობარმა. ჩემს მეგობარს დაურეკეს პოლიციის განყოფილებიდან არმაღანში. თემურის გადაყვანა მოხდა არა სარფიდან, არამედ საქართველოს სამხრეთიდან, სომხეთის საზღვართან ახლოს.
ვერაგულად მოხდა მისი გაყვანა. ბოლო დღეებში უჩიოდა იმას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა ხორციელდებოდა მიგრაციის ცენტრის მუშაკების მხრიდან და გასულ პარასკევს სიმბოლური შიმშილობაც ჰქონდა გამოცხადებული. სავარაუდოდ, მასაც ნერვებმა უმტყუნა და ადვილად დათანხმდა, დეტალებს ვარკვევთ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ გუშინ ღამე გადაიყვანეს. ასევე გუშინ ეწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვების ვადა, რითაც ვერ ისარგებლებდა, რადგან ვალიდური დოკუმენტი თემურს არ გააჩნია. ჯერ კიდევ 2020 წელს თურქულმა მხარემ პასპორტის მოქმედება შეუჩერა და ეს ახლა გაიგო, როდესაც თურქეთიდან მისი საბუთები მოვითხოვეთ, ასევე მას უარი ეთქვა ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტის დამზადებაზეც.
ახლა თემური დაკავებულია თურქეთში. მის საქმეში ხელჩასაჭიდი არაფერია. რეპრესიების მანქანა იქ უფრო ამუშავებულია. თემური ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მის აქტიურ პოზიციას უკავშირდება, თურქეთი მხარს უჭერს დიასპორებს და მათ საქმიანობას, მაგრამ აქტიური ლიდერები არ აწყობთ და იშორებენ.
თემურს ჰქონდა ყველა პირობა იმისა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონოდა. ძალიან ბევრი კანონდარღვევაა მის საქმეში. ფაქტი შემდგარია, ადამიანი ვერაგულად გაიყვანეს“, – განაცხადა ნინო კაკულიამ.
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“.
აპრილის ბოლოს სააპელაციო სასამართლომ თემურ ქათამაძეს საბოლოო უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
ქათამაძის ინტერესებს ბოლო პერიოდში იცავდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (სსც).
სსც-ის დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ გუშინ, ღამის 12 საათზე გადიოდა თემურ ქათამაძისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და „ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა“.
განახლება: ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „გაფფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა“.
ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე გუშინ ღამით თურქეთში სასწრაფო წესით გადაიყვანეს.
ჯერ ჩვენ არ ვიცით ეს იყო ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება, რისი უფლებაც თემურს ჰქონდა, თუ იძულებითი გაძევება. ამას მალე გავიგებთ მიგრაციის დეპარტამენტთან ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ. სწორედ გუშინ ღამის 12 საათზე გადიოდა მისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა.
ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა.
თურქეთში ბატონი თემურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მაშინვე, როგორც კი დეტალებს გავიგებთ.
ჩვენ გავაგრძელებთ მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში.
სამწუხაროდ, საერთაშორისო მექანიზმები ასეთი მყისიერი სიტუაციების მიმართ საკმარისად მოქნილი არ არის და ამაზე ცალკე პროფესიულად დავწერ.
რუსეთის იმპერიამ აიძულა გადასახლება თემურის წინაპრებს, “ქართულმა ოცნებამ” კი მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა – ვერ გახდები მოქალაქე, არ იმსახურებ აქ ცხოვრებასო და კოლონიური ტრავმა გაუმეორა.
დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს- აცხადებს თამთა მიქელაძე. თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.
56 წლის თემურ ქათამაძე გადაიყვანეს შსს-ის დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც შიმშილობა გამოაცხადა.
შეგახსენენთ წუხელ, 11 ივნისს, საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილე.
ქათამაძე, რომელიც 13 წელია საქართველოში ცხოვრობს და უნაკლოდ მეტყველებს ქართულად, ათ წელზე მეტია, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.
ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.