დაკავებულია „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სუს-ში გუშინ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა”, – წერია განცხადებაში.
წითელ ხიდსა და სადახლოს შორის დაახლოებით 20 კმ-იანი მონაკვეთია. სუს-ი არ აზუსტებს, სომხეთის საზღვართან იყო ის თუ აზერბაიჯანის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ბაჩიაშვილი დააკავეს „გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად”.
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან ფარულად იყო წასული და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
განახლება: გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს” და მას წამების საფრთხე ემუქრება.
გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და თავისუფლების 3-დან 5-წლამდე ვადით აღკვეთს გულისხმობს.
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან “სისტემაში არსებული ხვრელებისა და ადამიანების” დახმარებით, საქართველო დატოვა. აღნიშნულ პოსტში იგი საუბრობდა საფრთხეებზე, რომლებიც მას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში დაემუქრებოდა.
სასამართლომ მას 10 მარტს ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხოლო 1-ელ მაისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებით 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა The Guardian-ს განუცხადა. ჟურნალისტი დენიელ ბოფი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით, „როგორ აღმოჩნდა საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი მიმალვაში“. აღნიშნული სტატია გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამდე, 26 მაისს გამოქვეყნდა.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, „ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა აცნობეს, რომ მისი მკვლელობის გეგმა არსებობს. ჩრდილოეთ კავკასიური ჯგუფების მიერ, სავარაუდოდ, ჩეჩნების მიერ“.
ამასთან, ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო.
„ყველაზე ახლო ადამიანი. მარჯვენა ხელი. ვიტყოდი, რომ კონსილიორი (მრჩეველი) ვიყავი. კონსილიორებიც ბევრ ბნელ საქმეებს აკეთებენ“, – აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოდან წასვლაზე.
„არ არის მარტივი, რადგან ყველაფერს უკან ტოვებ. არც იცი წარმატებით გამოგივა თუ არა ეს, მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი“, – აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ამასთან, ბაჩიაშვილმა The Guardian-ს სთხოვა, მისი უსაფრთხოების მიზნით, ინტერვიუს ჩატარების ადგილი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
ბაჩიაშვილის ცნობით, მიმალვაში ყოფნისას სხვადასხვა მთავრობებს მისი მომავლის შესახებ ესაუბრებოდა და სწორედ მაშინ უთხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
თუმცა, ბაჩიაშვილს არ სჯერა იმის, რომ მისი მკვლელობის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
„მითხრეს, რომ არა მხოლოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ [მკვლელობის] ბრძანება გაცემულია. ვშიშობ, რომ ეს შეიძლება მოხდეს რომელიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურების ან სამხედრო ძალების მიერ, რომლებსაც სურთ, რომ ივანიშვილი უფრო დაუცველი გახდეს. თუ მკვლელობასთან მას დააკავშირებენ, მაშინ ნაკლები შანსია იმისა, რომ აშშ-თან ნორმალური დიალოგის წარმოება შეძლოს და კიდევ უფრო მეტი კონტროლის ქვეშ იქნება“, – აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ასევე, ბაჩიაშვილმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მის წინააღმდეგ მას შემდეგ წავიდა, რაც მან ჩათვალა, რომ მას (ბაჩიაშვილს) მისი დავალებების შესრულება აღარ შეეძლო და შესაძლოა, დასავლეთის ჯაშუშიც ყოფილიყო.
„ივანიშვილისთვის ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ის მისი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის მანქანას ჰგავს, რომელიც მხოლოდ მისი რეპტილიური სურვილების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. მისი სურვილი კი სიცოცხლის შენარჩუნებაა“, – ამბობს ბაჩიაშვილი.