დახუთული ბათუმი
ავტორი: თეა ვაშალომიძე
- საერთაშორისო ორგანიზაცია „სთეით ოფ გლობალ ეირ“-ის მიერ მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნებული რიგით მე-5 კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში. იგი ფატალურობის მაჩვენებლით უსწრებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა თამბაქოზე დამოკიდებულება და ცუდი კვება. ამ სიკვდილიანობის 90% კი, ორგანიზმში მიკრონაწილაკების შეღწევითაა გამოწვეული. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. სუნთქვის გაძნელება და ალერგიული ფონის მომატება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ის პრობლემებია, რასაც ბათუმის მცხოვრებლების ნაწილი უჩივის და რომლის გამომწვევ მიზეზად, ადგილობრივები ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ასახელებენ. ამ უკანასკნელს კი, მათი თქმით, ქალაქში მომატებული, გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების არსებობა და მავნე გამონაბოლქვი განაპირობებს.
ბათუმის მკვიდრი:
„უკვე საკუთარი ფილტვებით ვგრძნობთ ამ სიმძიმეს ჰაერის დაჭუჭყიანების და შედეგებიც, ალბათ, არ დააყოვნებს და ეს იქნება ძაან სავალალო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ ქალაქში არ შემოვა ამდენი ავტომობილი. და გარდა იმისა, რომ მანქანების ნაკადი მოძრაობს რაღაც ქაოტურად და ეს არის მოსაწესრიგებელი, პლიუს აი, ეს მხარე, რომ დაჭუჭყიანებული ჰაერი და ნესტი… და გაუსაძლისი მდგომარეობა ჩვენი.“
ბათუმის მკვიდრი:
„შვილს აქვს დიაგნოზი – ობსტრუქციული ბრონქიტი. წინა წლებთან შედარებით, დავაკვირდი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, წელს, ძალიან გაუჭირდა ჩემს შვილს სუნთქვა. თუკი ზაფხულში იშვიათად ჰქონდა შეტევები, [ახლა] ძალიან ხშირად აქვს ბავშვს შეტევები. გარდა ამისა, გართულებული აქვს ალერგიული რინიტი და ერთი სული მაქვს, ქალაქიდან როდის გავიქცევი.“
ექიმი ალერგოლოგი ვახტანგ ბერიძე პაციენტებს, რომელთაც ალერგიული დაავადებები აწუხებთ, დაბინძურებული ატმოსფეროდან შორს, სუფთა ჰაერზე ყოფნას ურჩევს, განსაკუთრებით, – ზაფხულის პერიოდში. ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კი, ხელისუფლებას ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
ვახტანგ ბერიძე:
„ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გამოიწვიოს ისეთ პაციენტებში ალერგიული დაავადებები, როგორიც არის ბრონქული ასთმა. თუ პაციენტი გენეტიკურად დაავადებულია ასეთი დაავადებით, ან ალერგიული რინიტით ან სხვადასხვა ტიპის ქრონიკული დაავადებებით, აი, ამ პაციენტებში ზუსტად, ჰაერის დაბინძურება იწვევს ამ დაავადებების გამწვავებას.“
გარემოს დამცველი, ეკოლოგიის ანალიტიკოსი კახა გუჩმანიძე მუდმივად აკვირდება ბათუმში მიმდინარე ქაოტურ განაშენიანებას, არასწორ სატრანსპორტო მოძრაობას და გაუმართავ ავტომობილებს. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი მანქანების გამონაბოლქვია, რომელთა ზეგავლენის გამო, ატმოსფეროში ადამიანთა ჯანმრთელობისთვის სახიფათო მავნე ნივთიერებები ხვდება.
კახა გუჩმანიძე:
„ანთროპოგენური გავლენებიდან, ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი წილი მოდის წიაღისეული საწვავის წვაზე და, რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტზე, რაც მთლიანობაში იწვევს კონკრეტულ ლოკაციებზე ისეთი მავნე აირების ემისიას ატმოსფერულ ჰაერში, როგორიც არის აზოტის დიოქსიდი, შეწონილი ნაწილაკები მტვრის, გოგირდის ოქსიდები და ასე შემდეგ… და სხვადასხვა მავნე მინარევი, რაც საბოლოო ჯამში, ხვდება ჩვენს რესპირატორულ სისტემაში.”
ბიოლოგიის დოქტორმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერმა იზოლდა მაჭუტაძემ “აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის” ორგანიზაციის დაკვეთით მოამზადა დოკუმენტი “კლიმატის ცვლილებების შემარბილებელი ღონისძიებები აჭარაში”, სადაც ზუსტად და დეტალურად აღწერს, თუ რა უნდა გაკეთდეს დაბინძურებული ჰაერის გაჯანსაღების მიზნით. მისი თქმით, მრავალსართულიან კორპუსებში, შენობების თავზე და სადარბაზოებში უნდა მოხდეს გამწვანება, რაც აუცილებელი და სავალდებულო ამოცანა უნდა იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე მშენებლებისთვის.
იზოლდა მაჭუტაძე:
„აშენებულ სახლებს ხომ ვერ დავანგრევთ და აუცილებელი არის, ვერტიკალური გამწვანება სავალდებულო იყოს ყველა შენობისათვის. თვითონ შენობებზე, სართულებზე რომ იყოს სავალდებულო. ვენტილაცია არ ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“
საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო სისტემატურად ახორციელებს მონიტორინგს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, თუმცა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთი მეცნიერ-თანამშრომელი ნათელა ტეტემაძე ფიქრობს, რომ ეს მონაცემები უფრო ეფექტური რომ იყოს, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ორგანიზაცია, რომელიც პარალელურ რეჟიმში დააკვირდება მოვლენებს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი სადგური დამონტაჟდება ქალაქის სხვადასხვა ადგილას, მით უფრო სწორად მოხერხდება მონაცემების შეჯერება. ხოლო ევროპაში აპრობირებული ყველაზე იაფი და ეფექტური მეთოდით ჩატარებული კვლევები, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში მძიმე მეტალების შემცველობის დასადგენად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადრე მიმდინარეობდა, დღეს აღარ ტარდება, რადგან შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ არსებობს.
ნათელა ტეტემაძე:
„სასურველი იქნება, სისტემატურად არსებობდეს მეორე ორგანიზაცია, რომელიც გარემოს დაცვის სააგენტოს პარალელურად, გააკეთებს ასევე მონიტორინგს, რომ შემდეგ მონაცემები შედარდეს ერთმანეთთან, რამდენად იქნება თანხვედრაში. და ეს მეორე მეთოდი… ჩვენს ინსტიტუტში მიმდინარეობს ასეთი კვლევა. ამ მომენტისთვის, ჩვენ მიმდინარე წლის მონაცემები არ გვაქვს. იმიტომ, რომ ამას სჭირდება სპეციალური ბიუჯეტი.“
ახლა კი, ოფიციალური მონაცემები. გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ ბათუმში განთავსებული მონიტორინგის სადგურებიდან მიღებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო თვის მონაცემებით, ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების ზღვრულ ნორმებზე გადაჭარბება არ ფიქსირდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სააგენტოს მთელი ქალაქის მასშტაბით მხოლოდ 2 ავტომატური სადგური და 9 ინდიკატორული გაზომვის სადგური აქვს დამონტაჟებული, აღნიშნული მონაცემები ვერ გვაძლევს სრულ ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. სპეციალისტების თქმით, სასურველია, რომ წინასწარ იდენტიფიცირებულ ლოკაციებზე, მინიმუმ, 5 ერთეული მონიტორინგის ავტომატური სადგური დაემატოს.
დაბოლოს, პირველ რიგში, ჩვენ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ვთხოვეთ, მოეწოდებინა ზუსტი მონაცემები ჰაერში მავნე ნივთიერებათა მოცულობასთან დაკავშირებით, თუმცა განგვიმარტეს, რომ მონიტორინგს საქართველოს გარემოს დაცვის სააგენტო ახორციელებს და მსგავსი მონაცემების შესახებ, ადგილობრივ უწყებას ინფორმაცია არ მოეპოვება. უფრო მეტიც. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველომ არ იცოდა ოფიციალური საიტის არსებობა, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში იუწყება, თუ როგორია ჰაერის შემადგენლობა ბათუმში.
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.