ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოტოკშოუ

დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზა

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

2010 წელს დაწყებული პროექტის მიხედვით, ავჭალის დასახლებაში დღეს უკვე მატარებელი უნდა დადიოდეს.  სწორედ ეს იყო თბილისის შემოვლითი რკინიგზის იდეა – დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქგარეთ გადატანა. თუმცა, 2013 წელს სამუშაოები დაკონსერვდა. გასული წლები არც ძველი პროექტის დასრულებისთვის და არც მისი სახეცვლილებისთვის აღმოჩნდა საკმარისი. იმ გვირაბთან, საიდანაც მატარებელი უნდა გამოდიოდეს, დღეს ჭაობს, ამფიბიებს, ნაგავსა და შეჩერებული პროექტისთვისაც კი, სრულიად შეუფერებელ გარემოს შეხვდებით. ჩვენი ჯიბიდან ამოღებული თანხა, პირდაპირი მნიშვნელობით, ნაგავს მიაქვს.

 

 

აქამდე კი, საქმე ასე მივიდა: „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს ჩაიბარა, დაიწუნა წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული პროექტი, რომელიც თბილისის ცენტრიდან, სატვირთოსთან ერთად, რკინიგზის სამგზავრო  ნაწილის გადატანასაც ითვალისწინებდა. გეგმის გვერდზე გადადების მიზეზად, მისი არარენტაბელურობა დაასახელეს და ალტერნატიულ ვარიანტზე დაიწყეს მუშაობა, თუმცა სხვა ვარიანტი აღარავის უნახავს. თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით გადატანას ითვალისწინებდა, რის შედეგადაც, დედაქალაქის ცენტრში 70 ჰექტარზე მეტი მიწა  გათავისუფლდებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე პროექტის შეჩერებას დიდ დანაკარგს უწოდებს. მისი განმარტებით,  შემოვლითი რკინიგზით, თბილისში საცობების მასშტაბები შემცირდებოდა.

ვასო ურუშაძე:

„თბილისის ცენტრში უწევს მოძრაობა ვაგონ-ცისტერნებს, რომლებიც დატვირთული არიან ფეთქებადსაშიში ნივთერებებით და ადამიანები ცხოვრობენ, ფაქტობრივად, ზღვარზე. რკინიგზის შემოვლით პროექტთან ერთად, უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი დამხმარე ნაგებობვების გადატანა ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში. ამით, მოხდებოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიის გამოთავისუფლება და აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე ევროპული განაშენიანება.“

„შემოვლითი რკინიგზის პროექტი ქალაქს დიდ შედეგს მისცემდა.“ – მიიჩნევს  ეკონომიკის დოქტორი რამაზ გერლიანი. მისი თქმით, რკინიგზის თბილისის ცენტრიდან გადატანას მრავალფუნციური დატვირთვა ექნებოდა; გარდა საცობების შემცირებისა, ეკოლოგიური და კიდევ მრავალი თვალსაზრისით იქნებოდა სასარგებლო.

რამაზ გერლიანი:

„ეკოლოგიურად, სისუფთავის თვალსაზრისით, მნიშნელოვნად წაადგებოდა ქალაქს. მეორე, ეს გახლავთ იგივე ურბანული ხელშეწყობის თვალსაზრისით. მესამე, – იგივე ეგრეთწოდებული სატრანსპორტო განტვირთვის თვალსაზრისით მიღებული შედეგები. მაგრამ მე მაინც, ყველაზე დიდ უპირატესობას ვანიჭებ იმ საფრთხეებს, რომელიც ტვირთების გადაზიდვას, შუა ქალაქში გატარებას ახლავს თან. ეს არის სწორედ ისეთი ენერგომატარებლები, რომლებიც არის ფეთქებადასაშიში და იყო საუბარი, რომ ეს ქალაქის შუა ხაზი სრულად გადასულიყო ქალაქგარეთ.“

2013 წლამდე, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განვითარებაზე $230 მილიონი დოლარი დაიხარჯა. 2013 წლის აგვისტოში კი, საქართველოს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მანამდე დაკონსერვებას აპირებდა, სანამ არ იქნებოდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა წარიმართოს დედაქალაქის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის გადატანის ახალი გეგმა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ დრომდე არც ახალი გეგმა და არც პროექტი საზოგადოებას არ უნახავს. ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეები შემოვლითი რკინიგზის პოზიტიურ მხარეებზე საუბრობენ.

მოქალაქე:

„ქალაქში წარმოუდგენელია უკვე გადაადგილება, პიკის საათებში, განსაკუთრებით. თუმცა, უკვე შუადღესაც ზოგჯერ შეუძლებელია და ის პროექტი, რაც იყო დაწყებული, ავჭალაში რომ აშენდა და დღესდდღეობით ასე მიგდებულია, ქალაქისთვის იქნებოდა კარგი გამოსავალი. ერთხელ ვნახე ჩემი თვალით. არის კატასტროფული მდგომარეობა, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად არის არის ქცეული და დღეს მოქალაქეებს გვიწევს ამ საცობში საათობით დგომა.“

შემოვლითი რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიას დავუკავშირდით. პრეს-სამსახურში განგვიცხადეს, რომ პროექტზე არავის უმუშავია, სიახლე არაფერია და სავარაუდოდ, ამ მიმართულებით, არც ახლო პერიოდში უნდა ველოდეთ რამეს.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button