მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანის მცდელობა რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ ილია დარჩიაშვილისა და საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, მარიუშ პიეტრ ჟაკის შეხვედრა გაიმართა.
პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ პოლონელი ექიმის საკითხზე, რომელიც, სავარაუდოდ, კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას ცდილობდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, რა დროსაც ერთ-ერთმა ექიმმა სცადა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო სინჯის პროცედურის დარღვევით გამოტანა კლინიკიდან.
„პოლონელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ სახელმწიფო დაინტერესებულია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. შესაბამისად, არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოჯახის სურვილის შემთხვევაში კლინიკაში უცხოელი ექიმების დაშვების თაობაზე, რისი დასტურიცაა პოლონელი ექიმების ვიზიტი მსჯავრდებულ სააკაშვილთან ოჯახის შუამდგომლობითა და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებას და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება. შეხვედრაზე პოლონელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ იგი არ არის ინფორმირებული, რამ გამოიწვია პოლონელი ექიმის მსგავსი საქციელი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ბრეგაძეს საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, სამინისტრო ოფიციალურ განმარტებებს ელოდება.
“მსჯავრდებულ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებული გაუგებარი ინციდენტის გაუბრალოებითა და გადაფარვით დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს, გასარკვევია, ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოყვა.
ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები. თუმცა, მოგვიანებით, ვიხილეთ ექიმის მიერ, ყველა წესის დარღვევით, მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშების ფეხსაცმლის მეშვეობით მალულად გატანის მცდელობა.
საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, დამატებით, გეტყვით, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. ამ ეტაპზე მეტ დეტალებზე არ ვისაუბრებთ.
ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან. დაველოდოთ ოფიციალურ განმარტებას”, – წერს რატი ბრეგაძე.

კლინიკა “ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფიქრობს, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის ნიმუშები გაყალბებისთვის სჭირდებოდათ.
ის ამბობს, რომ ექიმებს მესამე პრეზიდენტის გარშემო კამპანიის აგორება სურდათ.
“იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი მოწამვლიდან დაწყებული სიკვდილით დასრულებული”, – თქვა კახა კალაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადას გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ.
კალაძის თქმით, სააკაშვილს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, სხვა საკითხებზეც მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ.
„არ მინდა, შევიდე პოლემიკაში, თუმცა ერთი რამ ცხადია, აღნიშნული გადადგმული ნაბიჯი და გადაწყვეტილება მიმართული იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. რა აქვს გადასარჩენი მიხეილ სააკაშვილს? პატიმრობიდან დახსნას რაც შეეხება, ამ ადამიანს ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაული, რაზეც აქვს მისჯილი კიდეც. სხვა საკითხებზე იცით, რომ მუშაობს პროკურატურა. არაერთი განცხადება გაკეთდა, მიმდინარეობს გამოძიება და როგორ წარიმართება, რა იქნება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
უკრაინის რადამ 14 ივლისს სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

ნიმუშების ჩანაცვლების ეჭვი როცა ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება, მივმართავ პოლონეთს, საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში ჩაბარების პროცესზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი კლინიკა „ვივამედში“ 14 ივლისს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ერთადერთი, რაზეც შეიძლება ვიფიქროთ, არის ის, რომ პოლონელ ექიმს ე.წ. მარცხენა ეგზემპლიარები ჰქონოდა, რათა ჩაენაცვლებინა ის, რაც ოფიციალურად აიღეს და გადაეცათ ლაბორატორიისთვის. რასაკვირველია, ნიმუშების ოფიციალური გადაცემა საკმაოდ სერიოზულ კონტროლს ექვემდებარება. როცა მისი ჩანაცვლების ეჭვი ჩნდება, უნდა ვიფიქროთ იმაზეც, რომ ოფიციალურ ნიმუშებსაც გარკვეული საფრთხე ემუქრება. მივმართავ პოლონეთს, რომ საგანგებო კონტროლი დააწესოს დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში კანონიერად ჩაბარებულ პროცესზე. როცა პარტიზანულად აღებული ნიმუშის თემა შემოდის, რასაკვირველია, ეს იძლევა საფუძველს, რომ ამ ნიმუშების გაყალბების წინაპირობა იქმნებოდა. პოლონელმა ექიმმა წარმოუდგენელი აქცია ჩაატარა, რაც მიუთითებს საშიშროებაზე, რომ შეიძლება, ოფიციალურად აღებული ნიმუშიც საფრთხის ქვეშ დადგეს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველო სახელმწიფოა, ჩვენც ერი ვართ. მხოლოდ ევროპარლამენტარები არ არიან ამ ქვეყანაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმის მიერ ნიმუშის მალულად გატანის მცდელობა ეჭვს ბადებს.
„საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, უტიფრად აბრალებდნენ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცოდვას – წამლავს, აწამებს ადამიანს და მკურნალობის საშუალებას არ აძლევენო. სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ მაინც უნდა გაეგოთ სიმართლე. მცდელობაა, რომ ამ ლაიტმოტივით პატიმარი გაათავისუფლონ და საქართველოს წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყონ. ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ჩვენც ერი და სახელმწიფო ვართ, მხოლოდ ევროპარლამენტარები არ არიან ამ ქვეყანაზე. ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველო სახელმწიფოა და მხოლოდ პროექტის ნაწილი არ არის, რომელზეც როგორც უნდათ, ისე განახორციელებენ მანიპულირებას. იცით, რომელ პროექტს ვგულისხმობ? როცა სააკაშვილი გყავს შეფარებული მის დამნაშავე წრესთან, მაღალ თანამდებობებზე გყავს განაწილებული და შემდეგ საქართველოში დესტრუქციისთვის უშვებ. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერის პოლიტიკას ინარჩუნებს. თავმოყვარეობა ქართველსაც უნდა ჰქონდეს, სხვისი თავმოყვარეობის მაფერებლები არ უნდა ვიყოთ. სააკაშვილის ნიმუშის წინდით გამოტანა ეჭვს ბადებს. ვინაიდან ხელმოსაჭიდი ვერაფერი ნახეს, შესაძლოა, ეს არარეგისტრირებული, ჩუმად გატანილი ბიოლოგიური მასალა მანიპულაციურად ყოფილიყო გამოყენებული იმ პოლიტიკის გასაგრძელებლად, თითქოს სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და სასიკვდილოდ გაწირეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება პოლონელი ექიმის ინციდენტზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარებას, საკითხის კომენტირებისას ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა:
„პოლონეთის მიმართ სახელმწიფომ გამოხატა კეთილი ნება და უფლება მისცეს, მათი ექიმების ჯგუფი ჩამოსულიყო, პროცესისთვის სამედიცინო ზედამხედველობა გაეწიათ. ორ სახელმწიფოს შორის გამოხატულ კეთილ ნებას ვიღაც ბოროტად როცა იყენებს და მთელ პროცესს დიდი ეჭვის, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რა თქმა უნდა, ელჩი ინფორმირებული უნდა იყოს და ითქვას, რომ ასეთი ქმედებები ამ პროცესსაც აზიანებს და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასაც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლონელმა ექიმმა თავისი ანტიადამიანური, ანტიპროფესიული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით დიდი წერტილი დაუსვა პროვოკაციებსა და მანიპულაციებს, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება და ხდებოდა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მამულად გატანის მცდელობას სხვა მიზანი ვერ ექნებოდა, გარდა გაყალბებისა.
„სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ სააკაშვილთან მიმართებით არ არსებობს არც წამება, არც მოწამვლა. როცა დარწმუნდნენ, რომ ამ ადამიანს ვერ დაიხსნიდნენ, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა თქვა, სააკაშვილს მთლიანად აქედან ვერ ვიხსნით და ნაწილ-ნაწილ გამოვიყვანოთო. ნიმუში ისედაც ოფიციალურად გაჰქონდათ და შემდეგ შეეცადა, მალულად წინდებით გამოეტანა. ექიმმა ნიმუშის ამბავი აღიარა. გამოდის, რომ ეს ყველაფერი გაყალბებისთვის უნდოდა და თავისსავე კლინიკაში უნდოდა, ამ ბიოლოგიური ნიმუშის გამოკვლევა. ბუნებრივია, ამ ყველაფერს, გაყალბების გარდა, სხვა მიზანი ვერ ექნებოდა. ოფიციალურად გატანილს ვერ გააყალბებდა, ამიტომ წინდით გატანილის გაყალბება უნდოდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ხელისუფლება პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას ელოდება
წულუკიანის განცხადებით, კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით, ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას ამდენი თვე მხარს უჭერდა, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით.
“ველოდებით საქართველოში პოლონეთის საელჩოსგან ახსნა-განმარტებას და იმ პოლიტიკოსების მოსაზრებას, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებდნენ, რომ სააკაშვილი სახელმწიფოს მიერ ზიანდება. აღმოჩნდა და დადასტურდა, რომ სიმართლე ყოფილა, რასაც ჩვენ თვეების მანძილზე ვამბობდით, რომ სააკაშვილს ჩვენი სახელმწიფო კი არა, თვითდაზიანებით არის დაკავებული. მიხარია, რომ გადაწყვიტა, საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად იზრუნოს. ახლა უკვე გვჭირდება უფრო სერიოზული მიდგომა, როცა საქმე ეხება პატიმარსა და მის ჯანმრთელობას. ეს ტენდენცია, რაც მან თავისით წამოიწყო და იმ სცენარიდან ამოვიდა, რომელიც სააკაშვილს დაუწერეს, რომ არ ჭამო და, იქნებ გამოგვაყენებინო შენი თავი პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მან ეს სცენარი თავადვე დაარღვია, რასაც მივესალმები. ახლა უკვე კითხვები ისმის პოლონელი ექიმის საქციელთან დაკავშირებით და ვინც გარედან ამ ტიპის შეყვანას უჭერდა ამდენი თვე მხარს, უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, რა მოხდა, რატომ და რა მიზნით,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლონეთის ელჩს უახლოეს პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. უწყება უცხოელი ექიმის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით, განმარტებებს ელის.
საკითხი უკვე რამდენიმე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფაქტზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ მმართველი ძალა მომხდარს პროპაგანდისთვის იყენებს.
“არ ვიცი რა უპოვეს, არავის არ შეუფასებია, რომ მიხეილ სააკაშვილის მასალა იპოვეს, თავისი, მგლის ტყავი ედო… მე ვფიქრობ, რომ პოლონელ ექიმთან დაკავშირებული საკითხი არის პროპაგანდა. ხელისუფლება ყველანაირ შანსს იყენებს იმისთვის, რომ [თქვას] აი, დასავლეთი რაღაცას აპირებს, ნახეთ რა ცუდები არიან, არ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. დაველოდოთ კომენტარებს და ამის შემდგომ უფრო საინტერესო იქნება, რა განმარტებას გააკეთებენ,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით პოლონური მხარისგან განმარტებების მოლოდინშია “ქართული ოცნება”.
“გაურკვეველია, თუ რა იყო ამ ადამიანის მიზანი, თუმცა არასერიოზული არის ის ქმედება, რა ქმედებითაც გადაწყვიტა, რომ ნიმუში გამოეტანა კლინიკიდან. რა თქმა უნდა, პოლონური მხარე, საელჩო იყო ჩართული ამ პროცესში, მნიშვნელოვანი იქნება, მათი მხრიდან ზუსტად გავიგოთ ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე. მაგრამ ადამიანთან დაკავშირებით 600-დღიანი სპექტაკლი დაასრულა სტრასბურგის სასამართლომ,” – აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, თავისუფლად გამოხატონ შეხედულება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.

„ევროპარლამენტის წევრებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. მე ვიცი, რომ ევროპარლამენტში არის მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომლის წევრებიც შეწუხებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ ევროპარლამენტარებს შეუძლიათ, გამოთქვან თავიანთი შეხედულება თავისუფლად, ჩარევის გარეშე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა მიზნით სცადა პოლონელმა ექიმმა ნიმუშების ამ გზით გატანა, მაშინ როდესაც მათ კვლევის ჩატარების ოფიციალური ნებართვა ჰქონდათ.
ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ პოლონელმა მედიკოსებმა როგორც ფრჩხილის, ასევე თმის ნიმუშები წაიღეს და მათ მკურნალობის პროტოკოლთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები არ ჰქონიათ.
„ როგორც კოლეგები, ძალიან კმაყოფილი ვარ მათთან ურთიერთობით, იყვნენ ძალიან კოლეგიალურები და ძალიან კომუნიკაბელურები. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ თუ რაიმე კვლევას გვთავაზობენ ისინი, რაც შეეძლოთ. ეთქვათ ამის შესახებ და კლინიკას არაფერი საწინააღმდეგო არ ექნებოდა, ძალიან გაუგებარი ფაქტია, რატომ გაიტანა ამ ადამიანმა ამ გზით ნიმუში, როცა მას ოფიციალურად ჰქონდა ამის ნებართვა. იქამდე ჩვენთვის არ უთქვამთ ისე იყო ბიოლოგიური ნიმუშები აღებული მათ მიერ, ამის შემდეგ, როდესაც მოითხოვეს ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ავუხსენით პროტოკოლის შესაბამისად როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ნიმუში უნდა აღებულიყო ყველას, მათ შორის, ჩვენივე თანამშრომლების თანდასწრებით, ამის შემდეგ უნდა დალუქულიყო, ხელმოწერებით დადასტურებულიყო და ამის შემდეგ ჰქონდათ უფლება გაეტანათ ბიოლოგიური ნიმუშები“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ, შესაბამისად, რატომ მოაწყო ის ფინტი, რასაც „ქართული ოცნება“ პროპაგანდისთვის იყენებს, არ ვიცი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„მგონი, პოლონური მხარის განმარტებას უნდა დაველოდოთ. მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოეტანა მაშინ, როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო ფინტი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. პოლონელი ექიმის ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გაიმართა. პოლონელ დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს “ვივა მედში” მომხდარ ინციდენტზე დამატებით ინფორმაცია არ აქვს და აღნიშნულზე ინფორმაცია მედიით გაიგო. რა ეჭვები აქვს მიხეილ სააკაშვილს, გიული ალასანიას მედიასთან არ დაუკონკრეტებია.
“არაფერი არ იცოდა, იცოდა ის, რაც ნახა ტელევიზორით. მისი პოზიცია, არ ვიცი როგორია. ძალიან ეჭვით უყურებს ამას ყველაფერს რა თქმა უნდა. 4 თვე, 4 ნახევარი თვე წელეს და წელეს, ალბათ იმ იმედით, რომ ეს მძიმე მეტალები ბოლოს და ბოლოს გამოსულიყო ორგანიზმიდან, ეს იყო მიზანი ერთადერთი გაწელვის. არავითარ შემთხვევაში, რას აყენებს [ეჭვქვეშ?] რა გამოჰქონდათ იმ ექიმებს, თუ ნიმუშები გამოჰქონდათ, როგორც ვისმენთ, მაშინ რატომ არის ეს ეჭვქვეშ ვერ გავიგე, [ფეხსაცმლით?] რა მნიშვნელობა აქვს რითი გამოჰქონდათ, დაცული იყო ყველანაირად”, – ამბობს გიული ალასანია.

რეალური პრობლემების გადატანის და სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციის ირგვლივ აწყობილი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს – ბექა ლილუაშვილი
კლინიკა “ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები ისმის. პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი აღნიშნულ საკითხს მნიშვნელოვანი საკითხებიდან მოქალაქეების ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.
“ნიმუშის გამოტანა სამართალდარღვევა უნდა იყოს, იურიდიულ კვალიფიკაციას მე ვერ მივცემ. [ელჩი] დაიბარეს, დაიბარეს ახლა, ეგ არის… კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მეტად გაიშლება ეს თემა მედიაში და საზოგადოებაში გახდება სამსჯელო, ეს ყველაზე მეტად აწყობს “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”. სწორედ ამიტომ, რეალური პრობლემების დღის წესრიგიდან გატანის და სააკაშვილის ჯანმრთელობის სპეკულაციის ირგვლივ აწყობილი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს,” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება “ლელოს” წევრის, თამაზ დათუნაშვილს, მისი აზრით, “აღნიშნული ინციდენტი არის საუკეთესო დემონსტრაცია იმისა, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად არიან წარსული.” მისივე შეფასებით, “პოლიტიკურ ჭრილში მთელი ეს მოვლენა, მასკარადია.”

ამასთან, როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, სამინისტროში პოლონეთის ელჩი იყო დაბარებული, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამავე დღეს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის მალულად გატანის მცდელობაზე პოლონეთის საელჩოს პოზიცია მოისმინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button