მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კახეთში არ გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული, საზეიმო ღონისძიებები კახეთში გაუქმდა.
გურჯაანის მუნიციპლიტეტში, 26 მაისისთვის დაგეგმილი კვირეული აღარ მოეწყობა. მუნიციპალიტეტმა, ღონისძიების მოსაწყობად, ტენდერი გამოაცხადა. მოგვიანებით, კვირეულს ფორმატი შეეცვალა და ქალაქის ქუჩებში, მხოლოდ ბანერები განთავსდა.

საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება რეგიონის დანარჩენ შვიდ მუნიციპალიტეტშიც. ქალაქების ქუჩებში, მხოლოდ სახელმწიფოს სიმბოლიკიანი და 26 მაისისადმი მიძღვნილი დროშებია გამოფენილი.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ღონისძიებები პანდემიის გამო აღარ ჩატარდა.

“26 მაისი განსაკუთრებული თარიღია საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 103 წლისთავს. თუმცა, საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, აღნიშვნა არ ჩაითვალა სწორად”- განაცხადა შიოშვილმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, 26 მაისი რეგიონში წელს პირველად არ აღინიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button