დამქირავებლის გამოსახლება ბინიდან გამარტივდება

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც გაამარტივებს ბინიდან იმ ადამიანების გამოსახლებას, რომლებიც მეპატრონეს ქირას არ უხდიან. ამის შესახებ მან ილაპარაკა პარლამენტში, სადაც “მინისტრის საათის” ფარგლებშია მისული.
“ხშირია შემთხვევა, როდესაც გააქირავა ბინა ადამიანმა და მოქირავნე აღარ გამოდის. აი რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში?! ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. შესაბამისად, როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა, მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან, ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. კი ბატონო, შემდგომში იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც დაახლოებით შეიძლება ერთ წელიწადსაც გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც ყოვლად დაუშვებელია”, – თქვა რატი ბრეგაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვები, რომლებიც ბინიდან დამქირავებლის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია. მინისტრის თქმით, აქვთ ინიციატივა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს.
“მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე იქნებიან მხარეები წინასწარ შეთანხმებულები”, – აღნიშნა მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. წესით, დოკუმენტში იქნება აღნიშნული, რა დაუჯდება ბინის გამქირავებელს ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.
ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობით, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ბინებიდან იმ ადამიანების გამოსახლება, რომლებიც მეპატრონეებს ქირას არ უხდიან. სასამართლო დავები ხშირად დროშია გაწელილი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ირღვევა ბინის მესაკუთრეების უფლებები.
ბრეგაძეს არ დაუკონკრეტებია როდის წარუდგენენ ინიციატივას პარლამენტს.