მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დანიამ საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი სამხედრო დახმარების ოთხწლიანი პროგრამა შეუჩერა

პარლამენტის წევრმა, თეონა აქუბარდიამ წერილით მიმართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და უწყებიდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც დანიამ საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო დახმარება შეწყვიტა, რომელიც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონ დანიურ კრონას წარმოადგენდა.
აქუბარდიას თქმით, დანიამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა დაიწყო და მთავრობასთან დაგეგმილი რიგი პროგრამები შეაჩერა. დეპუტატი დაეყრდნო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილს.

“მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” მიუხედავად საკუთარი ხალხის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა, მიიღო რუსული კანონი, ჩვენ შედეგად ვნახეთ, თუ როგორ დაირღვა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რამდენადაც კარები “ქართულმა ოცნებამ” თავად გამოაჯახუნა NATO-სა და ევროკავშირის. ჩვენ, მათ შორის, ვნახეთ ყველაზე მძიმე შედეგი ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის, როდესაც შეერთებული შტატების შემდგომ, როდესაც გაუქმდა ეს მნიშვნელოვანი სამხედრო სწავლება. 30 მილიონი ევროკავშირმა გაყინა, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და დღემდე, მე თავდაცვის მინისტრისგან, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მიმიღია.

მე მინდა დღეს გაგიზიაროთ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი, ჩემს კითხვაზე, დანიის მხრიდან, მათ შორის ურთიერთობების გადახედვაზე საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ დანიამ საქართველოსთან ევროკომისიის გადაწყვეტილების, შემდგომ დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა და შეაჩერა საქართველოს მთავრობასთან დაგეგმილი რიგი აქტივობები და ახალი პროგრამების მხარდაჭერა. დანიამ ასევე შეაჩერა 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც გასულ წელს დაიწყო და რომლის ბიუჯეტიც 71.5 მილიონი დანიური კრონა გახლდათ. ამასთან, წერილის თანახმად, დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რაც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანიასა და საქართველოს შორის.

შესაბამისად ჩვენ ვხედავთ, რომ არა მხოლოდ კონსტიტუციის 78-ე მუხლი და 22-ე მუხლები, რომელიც დემოკრატიას ეხებოდა დაზიანდა, არამედ უკვე კონსტიტუციის 70-ე მუხლი, რაც სახელმწიფო თავდაცვას გულისხმობს და ეს უმძიმესი ვითარება, რითაც ასეულობით მილიონი ლარი დაკარგა ჩვენმა თავდაცვამ, ისევე როგორც რეპუტაციული ზიანი მიადგა მას არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ამ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე როგორც თავდაცვის უნარიანობისთვის. მე მივმართავ თავდაცვის მინისტრს, როდემდე აპირებს ის, რომ დაუმალოს ინფორმაცია საკუთარ ხალხს, იმ შეჩერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც არის თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით და მაინტერესებს, რას აპირებენ, როგორ მოახერხებენ აი ამ თანხების გაყინვის, ისევე როგორც ამხელა რეპუტაციული ზიანის შემდგომ, რაიმე ტიპის ღირსებით სადმე ევროკავშირში წასვლისთვის. როდესაც მათ კარგად იციან, რომ ეს ყველაფერი არა გაუგებრობა არის, არამდე დაგეგმილი პროვოკაციაა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის წინააღმდეგ. გამომდინარე აქედან, მე ვაპირებ, რომ ასევე ჩვენს სხვა დასავლელ პარტნიორებს მივმართო წერილობით იმიტომ, რომ მივიღო რეალური ინფორმაცია, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ხალხს უმალავს იმ მძიმე შედეგს, რომელიც თავდაცვისუნარიანობისთვის დააყენა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, მიუხედავად მათი ყალბი გამჭვირვალობის მოთხოვნისა, რითაც ამ ქვეყნის კურსი რეალურად შეატრიალეს რუსეთისკენ,” – განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, დანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდეს.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ მათი ოპონენტები არა საკუთარი ქვეყნის, არამედ გარე ძალების ინტერესებით მოქმედებენ.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

„აგენტების კანონის“ გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.

პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც დანიის მხრიდან საქართველოსთან 4-წლიანი სამხედრო თანამშრომლობის შეჩერებას ეხებოდა, მედიამ საქართველოში დანიის საელჩოს კითხვით მიმართა.

უწყებაში პასუხად დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოიყვანეს, რომელშიც ნათქვამია, რომ EU-ის გადაწყვეტილების შემდეგ, გადახედოს საქართველოსთვის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას, დანიამ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო.

დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი.

“2023 წელს დანიამ და საქართველომ წამოიწყეს ოთხწლიანი სამხედრო თანამშრომლობა, საერთო ბიუჯეტით, დაახლოებით 71,5 მილიონი დანიური კრონით. ეს მოიცავს, მაგალითად, ნებაყოფლობითი ეროვნული შენატანების განთავსებას, შემოწირულობებს, ტრენინგებისა და კურსების აქტივობების ხელშეწყობას, ასევე სემინარებისა და კონფერენციების ხელშეწყობას.

2024 წლის ივნისის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადახედოს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარება, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში თანხების შეჩერება, დანიამ გადაწყვიტა გადახედოს ორმხრივ დახმარებას და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისთვის.

სანამ გადახედვა გაგრძელდება, დანია შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაგეგმილ აქტივობებს და ახალი პროგრამების მხარდაჭერას.

დანია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას და დაიცვას ევროკავშირის რეფორმების დღის წესრიგი, რომელიც არის ძლიერი ორმხრივი კავშირების საფუძველი დანისა და საქართველოს შორის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button