მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

გახსნის დღეს დაკეტილი აგრარული ბაზრები

ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან დღეს დილიდან ხმაური იყო. კონფლიქტი მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის მოხდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.

როგორც მოვაჭრეებმა აღნიშნეს, დირექციამ განუცხადათ, რომ ბაზრის 2-კვირიანი დაკეტვის მიუხედავად, ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ვერ მოახერხეს და სწორედ ამის გამო, არ მუშაობის საშუალებას აძლევდნენ.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაპირება არ შეასრულა. მათივე თქმით, ბაზარში ვაჭრობა შემოსავლის ძირითადი წყაროა და იძულებულები არიან, მუშაობა გააგრძელონ.

აღსანიშნავია, რომ დეზერტირების ბაზრის გარეთა ტერიტორიაზე გარევაჭრობა გრძელდება. ადგილზე არავინ აკონტროლებს, დაცულია თუ არა სოციალური დისტანცია, უკეთიათ თუ არა ადამიანებს პირბადეები და ასე შემდეგ. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

თელავის აგრარული ბაზარი დღეს დილით გაიხსნა, მაგრამ ბაზრის ადმინისტრაცია დააჯარიმეს, ხოლო ბაზარი დაკეტეს.

როგორც თელავის მერიაში განაცხადეს, ბაზრის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭოსა და ეპიდემიოლოგების მიერ მიცემული რეკომენდაციები არ შეასრულა.

თუ როდის გაიხსნება თელავის აგრარული ბაზარი, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქება დღეიდან დაიწყო. ერთ-ერთი შეზღუდვა სწორედ აგრარულ ბაზრებს შეეხო, მაგრამ მათ მკაცრი რეკომენდაციების დაცვაც დაევალათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button