მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მოსკოვი ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, “საქართველოსა და მოლდოვაში მეორე ფრონტი გახსნას”, მისივე მტკიცებით დასავლეთს პოლონეთში, ბელარუსის საზღვართან სამხედრო კონტინგენტის ყოლა სურს- ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“ამ ფაქტების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, და ჩვენც არ ვდუნდებით, ყველაფერ ამას ვხედავთ და ვითვალისწინებთ ჩვენს გეგმებში – სამხედრო-პოლიტიკური, დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობებში”, – თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან.

ლავროვის თქმით, რუსეთის ფედერაციამ დაინახა საქართველოს ხელმძღვანელობის ჩართვის მცდელობები “მეორე ფრონტის” შექმნაში, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და უარი თქვა მსგავს ქმედებებზე. მისივე თქმით იყო ცნობები, რომ მოლდოვისგან “მეორე, მესამე, ერთ-ნახევრიანი ფრონტის” შექმნას ცდილობენ.
“როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელმძღვანელობას ნათლად აჩვენა, როდესაც მოლდოვაში იყო საპროტესტო აქციები პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ, პროტესტი ეკონომიკური განვითარების ინტერესების უგულებელყოფის წინააღმდეგ. და დასავლეთმა დაგმო ეს, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ამავდროულად საქართველოში იყო პროტესტი აბსოლუტურად მკაფიო, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც, თუ ფულს იღებთ საზღვარგარეთიდან და ეწევით სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობას, გთხოვთ, მითხარით, საიდან მოდის ფული”, – თქვა ლავროვმა.

მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში საპროტესტო აქციებს დასავლეთი აქტიურად უჭერდა მხარს.
ქართული ოცნებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნა სურთ და ამ მხრივ რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივს იზიარებენ. ევროკავშირსა და აშშ-ში წარმომადგენლობებში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით ყველა განცხადება და ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი პოსტები

Back to top button