დასეტყვილი ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები, დატბორილი სახლები -სტიქია კახეთში
ადგილობრივების ინფორმაცით, 15- 20 წუთიანმა სტიქიამ, მოსავლის 80 % გაანადგურა

დასეტყვილი ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები, დატბორილი სახლები -ასეთია კახეთში სტიქიის შედეგები.
წუხანდელმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ შრომასა და ნინიგორის თემში.
ძლიერი სეტყვის შედეგად, თითქმის განადგურებულია ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები, დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ადგილობრივების ინფორმაცით, 15- 20 წუთიანმა სტიქიამ, მოსავლის 80 % მოსპო.
ადგილზე დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მიყენებულ ზიანს ადგენენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, ზურაბ კოჭლამაზაშვილის განმარტებით, მერიამ მოსახლეობის ზარებზე რეაგირება უკვე მოახდინა.
” წუხანდლიდან მუშაობენ მაშველები, სახლებიდან წყალი ამოტუმბულია. რაც შეეხება მოსავალს, ხედავთ, რომ ზიანი დიდია, თუმცა რაოდენობას კომისიები დაადგენენ და გადავცემთ შესაბამის სამსახურს”- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, სეტყვა კახეთში გვიან, ღამით მოვიდა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დააზარალა.