მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დაშავებული ხალხი და დანგრეული შენობები-დრონებით თავდასხმა რუსეთის ქალაქების თავზე

რუსეთის ქალაქ ვორონეჟის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი აცხადებს, რომ ვორონეჟში საცხოვრებელ კორპუსს დრონებით დაესხნენ თავს.

გუსევის თქმით, შედეგად 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ შემთხვევის ადგილზე მიიღეს სამედიცინო დახმარება და საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო.
უკრაინის ლუგანსკის ოლქთან მოსაზღვრე ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი ტელეგრამზე წერს, რომ დრონი ქალაქ ვორონეჟის ტერიტორიაზე, ბელინსკის ქუჩაზე ჩამოვარდა. გუსევის ინფორმაციით, ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.
რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი წერს, რომ სავარაუდოდ, დრონის სამიზნე იყო ქალაქ ვორონეჟში მდებარე საავიაციო ქარხანა, თუმცა, აპარატი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.

რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში ბოლო კვირებში დრონებით თავდასხმები გახშირდა. თავდასხმები ძირითადად ბელგოროდის რეგიონში ხდება. ვორონეჟი კი უკრაინის საზღვრიდან 180 კილომეტრში მდებარეობს.

უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს არ ადასტურებს და შიდა წინააღმდეგობის ძალებზე მიუთითებენ. მაისში უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ ბელგოროდში ოპერაციას რუსეთის მოხალისეთა კორპუსი და რუსეთის თავისუფლების ლეგიონი ატარებენ.

რეგიონებზე თავდასხმის გარდა რუსეთი უკრაინას კრემლზე დრონებით თავდასხმაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიზანი პრეზიდენტი პუტინის მკვლელობა იყო. უკრაინა ამ ინციდენტში მონაწილეობასაც უარყოფს.

რუსეთის ქალაქ კურსკში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, – ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი „ტელეგრამზე“ წერს.

გუბერნატორის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატი იმ ტერიტორიაზე ჩამოვარდა, სადაც ნავთობის საცავი იყო.

სტაროვოიტის ცნობით, უპილოტო საფრენ აპარატს ობიექტზე არაფერი დაუზიანებია და გაუნადგურებია. კურსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ბელგოროდში, საოფისე შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი ცნობით, დეტონაცია არ მომხდარა, თუმცა თავად დრონს ცეცხლი გაუჩნდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირედით დაზიანებულია შენობის სახურავი. ნამსხვრევებმა ასევე დააზიანა ორი ავტომობილი.

მანამდე უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟში საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა სამი ადამიანი. დრონი ჩამოვარდა ასევე კურსკში, ნავთობის საცავთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button