მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დასჯილი მოქალაქეები და პრივილიგირებული ეკლესია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 199 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 13 აპრილის 21 საათიდან 14 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 63 მოქალაქე დააჯარიმეს

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 2 იურიდიული და 6 ფიზიკური პირი.

პოლიციამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 20 პირი დააჯარიმეს.

“საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით”- აცხადებს შსს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საგანგებო მდგომარეობისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა, 21 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, 8 665 000 ლარი შეადგინა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან გამოცხადდა. 31 მარტიდან კი, კომენდანტის საათიც ამოქმედდა. დაიხურა სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი, რკინიგზა, აგრარული ბაზრები და სხვა. მიზანი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა, რომელიც წვეთოვანი გზით გადაეცემა და რომლის წინააღმდეგ საბრძოლველადაც, სოციალური დისტანცირება მსოფლიოში აპრობირებული ხერხია.

თუმცა, საქართველოში ამ წესს არ იცავს საპატრიარქო. ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეულებრივად ტარდება, არც ერთი კოვზით ზიარების წესი შეცვლილა. 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ილია მეორეც იმყოფებოდა, რომელიც 87 წლისაა, ამასთან, თანმდევი დაავადებები აქვს და მისი ინფიცირება განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველია. მიმდინარე კვირას არის დიდი ხუთშაბათიც, როცა განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ეზიარება, 19 აპრილს კი, – აღდგომაა. ეკლესია მრევლს ტაძრებში მისვლისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას კი, მისთვის კანონის დარღვევისა და მომეტებული საფრთხის შექმნისთვის პასუხი არ მოუთხოვია. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პიკი დღესასწაულებს დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირაშია მოსალოდნელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button