კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დავა ბიზნესის გამო – ვინ არის ზუგდიდში გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული

ზუგდიდში,23 ივლისს 65 წლის გრამიტონ ლაგვილავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირს, ზაურ კვიკვინიას დღეს პროკურატურამ ბრალი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინა.

რადიო თბილისი დაინტერესდა, თუ ვინ არის ბიზნესმენი ზაურ კვიკვინია და რა აკავშირებს მას ლაგვილავების ოჯახთან.

ზაურ კვიკვინია

კვიკვინიების ოჯახი ბოლო წლებია ზუგდიდში შარტავას ქუჩაზე ცხოვრობს.

როგორც მეზობლები გვეუბნებიან, სამსართულიან სახლში ზაურ კვიკვინია და მისი მეუღლე ცხოვრობდა.

“შვილები და შვილიშვილები დრო და დრო ჩამოდიან. ორი ქალიშვილი და ვაჟი ყავთ. მეზობლებს ყველას გვეხმარება, გვერდით შენგელიების მრავალშვილიანი ოჯახია, უჭირთ და მათ ფულითაც და პროდუქტებითაც ეხმარება”,- გვეუბნება მეზობელი.

წყაროს ინფორმაციით, ბიზნესმენ ზაურ კვიკვინიას ბიზნესი როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში აქვს.

 

კვიკონიას სასახლე ზუგდიდში

“ასევე აქვს თბილისში,ბათუმსა და სოჭში სათამაშო აპარატების ბიზნესი. მოსკოვში ყავს ადვოკატი ძმა და აქვთ ოჯახური წლების ფინანსური კაპიტალი. საშინელი ტრაგედია დატრიალდა ლაგვილავებთან. გრამიტონი და ზაური მეგობრები იყვნენ. როგორც ირკვევა ბენზინგასამართი სადგურის წილში იყო გრამიტონთან ზაური, ბოლოს ბიზნესიდან გასვლა მოითხოვა. ერთი თვის წინ 20 ათასი დოლარი მისცეს ლაგვილავებმა, მერე ისევ დაჟინებით ითხოვდა მთლიან წილს და ამას აყვნენ… ასე როგორ გაიმეტა, ან რა გაჭირვება ქონდა მას (ზაურის) ასეთი”,-ამბობს ჩვენი წყარო.

გრამიტონ ლაგვილავა

თავის მხრივ, ლაგვილავები ამბობენ, რომ ის ხალხი არ არიან კვიკვინიებს სახლი დაწვან.

“რაც ეს ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს, გავიგეთ პოლიციის ერთი მანქანა იცავს კვიკვინიების სახლს. რა საჭიროა? ან სახლს ვინ დაწვავს. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ”,-ამბობენ ლაგვილავები.

სროლის დროს ასევე დაიჭრა გრამიტონის ვაჟი გია ლაგვილავა, რომელიც ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

მკვლელობა 23 ივლისს, დილით, “საკონსერვოს დასახლებაში” ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. მოტივი,სავარაუდოდ, ბიზნესდავაა.

სათვალთვალო კამერის ჩანაწერში 23 ივლისს მომხდარი თავდასხმა ჩანს.
დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავტორი თეა შონია

მსგავსი პოსტები

Back to top button