დავით კირკიტაძემ შიმშილობა დაიწყო

დათო გამაგრდი, შენს გვერდით ვართ, – ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა კახეთის სამხარეო პოლიციაში დაკავებულ დავით კირკიტაძეს, რომელმაც, თავის მხრივ, დაკავების იზოლატორიდან მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ადგილზე იმყოფებოდნენ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავით კირკიტაძის დაკავების რეალური საფუძველი არ ჰქონდა და რომ 16 დეკემბერს თავად შსს არღვევდა კანონს.
აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ბრძოლა იქნება ბოლომდე და დათო კირკიტაძე უახლოეს დღეებში გამოვა გარეთ“.
დავით კირკიტაძე შსს-მ ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.
დავით კირკიტაძეს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.