დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო სხდომები დაიხურა
ხმაური იყო გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის პროცესზე – საქმის განხილვაზე მყოფებმა, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ, დარბაზში ხმაურისა და ხელშეშლის მოტივით ახსნა, რასაც დამსწრეთა მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა. მათი თქმით, მოსამართლემ კანონსაწინააღმდეგო და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.
სხდომის დახურვამდე პროცესზე ველისციხის ეპიზოდთან დაკავშირებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს 4 მოწმე დაიკითხა. საქმე ეხებოდა პოლიციელების მიერ ავტობუსით გზის გადაკეტვის ნაწილში მტკიცებულებათა გამოკვლევას.
სასამართლოს პროცესს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი უწოდა, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ.
„ამისთანა უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი არ მინახია. ეხვეწება პროკურორი მოწმეს, თქვი, კაცო, რაც ვითომ ჩვენებაში ჩაწერილი გაქვსო და არ ახსოვს იმ საწყალს რა უნდა თქვას. იწურება ოფლში, ეს კიდევ ეუბნება, შენ შენი ჩვენება გახსოვსო? ამაზრზენი არის ეს ყველაფერი,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძე.
საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, სოფელ ველისციხეში მომხდარ ინციდენტს. დავით კირკიტაძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.