დავით სარალიძის საქმეზე მსჯავრდებულს გამოძიება მკვლელობის დაფარვასაც ედავება

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი განახლდება. მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას გამოძიება კიდევ ერთ დანაშაულს, მკვლელობის დაფარვასაც ედავება.
მსჯავრდებულის ადვოკატი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.
“მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს, ფაქტობრივად ამ საქმეს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, მაგრამ მისი გაღვიძება გამოწვეულია პოლიტიკურ არენაზე გიორგი გახარიას გამოსვლის გამო. გამოძიებამ ვერაფერი ახალი ვერ მოიპოვა, გარდა 2017 წლის პირველ დეკემბერს მიცემული გუგა ბარბაქაძის ჩვენებისა. აქაც ამ ჩვენების გასამყარებლად სჭირდებათ ზეწოლა განახორციელონ კალანდიაზე, შესაძლოა შესთავაზონ საპროცესო შეთანხმება, რაიმე მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, მაგრამ კალანდიამ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა”,- თქვა ზურა თოდუამ.
შეგახსენებთ, დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მკვლელობა ხორავას ქუჩაზე, 2017 წელს მოხდა.