მნიშვნელოვანისიახლეები

დავით სერგეენკო პარლამენტიდან მიდის

დავით სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტს ტოვებს, მან შესაბამისი განცხადებით საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს უკვე მიმართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ადასტურებს
დავით სერგეენკოს განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტშია და მას კომიტეტი 16 ნოემბერს განიხილავს. საკითხი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გავა.

პარლამენტმა ერთხელ უკვე უყარა კენჭი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. საბურთალოს მაჟორიტარისთვის, დავით სერგეენკოსთვის, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტი პარლამენტმა 5 სექტემბერს გაიტანა საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე. საკითხს 2 მომხრე და 12 წინააღმდეგი ჰყავდა და შესაბამისად, დავით სერგეენკო სადეპუტატო უფლებამოსილებას ინარჩუნებდა.

სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების მიზეზი გახდა სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიოდ გაცდენა.

დავით სერგეენკომ 2023 წლის 7 მარტს, დარბაზში ყოფნის მიუხედავად, არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე, რომელიც საზოგადოებაში „რუსული კანონის“ სახელით არის ცნობილი,
დავით სერგეენკო იყო იმ დეპუტატთა შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერისგან.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების კანონპროექტი პირველი მოსმენით მარტში მიიღო – ამ დღეს ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს “საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე” იყო, ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის გამო “ქართულ ოცნებას” კანონპროექტის ჩაგდება მოუწია.

ამ კანონპროექტის გაწვევიდან რამდენიმე დღეში, 18 მარტს, საპარლამენტო უმრავლესობამ და საქართველოს მთავრობის წევრებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს, რომელსაც არ დასწრებიან დეპუტატები დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი, ირაკლი კოვზანაძე და ნინო იობაშვილი. მათ ამ კანონპროექტისთვის ხმა არ მიუციათ.

მედიასაშუალებები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ეს დეპუტატები აღარ იქნებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში. სერგეენკოს გარდა, ამ მოცემულობით, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი პირი აღარ არის პარლამენტის წევრი.

დავით სერგეენკო “ნაციონალური მოძრაობის” “ქართული ოცნების” ხელისუფლებით შეცვლის შემდეგ, 2012 წლიდან 2019 წლამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის საბურთალოს მაჟორიტარად აირჩიეს, იკავებდა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც.

ცნობისთვის, სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტმა რამდენიმე თვის წინაც იმსჯელა, რისი საფუძველი სერგეენკოს მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა, თუმცა უმრავლესობამ პარლამენტის შესაბამისი დადგენილება “ჩააგდო” და სერგეენკოს მანდატი შეუნარჩუნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button