დავუმკვიდროთ უძველეს და უნიკალურ ენას ადგილი თანამედროვე მსოფლიოში-ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი დედაენის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დედაენა იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია
“დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანის მიერ მისი დაცვა ამავდროულად ქვეყნის თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებად იქცა.
ქართველი ხალხი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, გაუქმების შესახებ. ეს იყო პირველი მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაცია საბჭოთა კავშირის ისტორიაში, და, ამავე დროს, პირველი შემთხვევა, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იძულებული გახდა, ხალხისათვის დაეთმო. სახალხო ძალისხმევის ამ გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა კონსტიტუციური სტატუსი, არამედ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობასაც.
დღეს მადლიერებას გამოვხატავთ ამ უპრეცედენტო სამოქალაქო გმირობის ყველა მონაწილისადმი და, ამასთან, ვაცნობიერებთ ჩვენი, დღევანდელი თაობების პასუხისმგებლობასაც – ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ქართულის სწავლაში და ამით განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დავუმკვიდროთ ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ენას და ამ ენაზე შექმნილ კულტურას მისი კუთვნილი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში,”- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
შეგახსენებთ,საქართველოში დედა ენის დღე 1990 წლიდან ყოველ 14 აპრილს აღინიშნება. გასული წლებისგან განსხვავებით წელს დედაენის ძეგლთან ხალხმრავლობა არ იქნება.
ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით შეირჩა. ამ დღეს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა.
1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. 1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.
კრემლის ინიციატივას თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა საქართველოს ცეკას მაშინდელი პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების პირველ პირებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა.