დაზარალებულ 30 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 30 სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

ლექვინაძის თქმით, ეს თანხა შეადგენს 71 ათას ლარს და იგი უახლოეს დღეებში სტუდენტებს ჩაერიცხებათ.

ლექვინაძის ანგარიშის თანახმად, სტიქიამ 194 ოჯახი დააზარალა, 20 გარდაიცვალა, 2 პირი კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 800-ზე მეტი ფიზიკური პირი.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. კერძო კომპანიებისა და მოქალაქეების მიერ შემოწირულობის სახით 22 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა.

ამ თანხიდან 16 მილიონი ლარი დაზარალებულების ერთჯერად დახმარებებს, საცხოვრისით უზრუნველყოფას და სხვა საჭიროებებს მოხმარდა.

გარდაცვლილების ოჯახებზე გაიცა 10 ათასი ლარის დახმარება.

ლექვინაძის თქმით, ამჟამად 52 ოჯახს სჭირდება საცხოვრებელი ბინა, მათგან 40-მდე ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება.

მსგავსი პოსტები

Back to top button