მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მისალოც განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 26 მაისი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის შედეგი იყო.

“საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის დღე მართლაც საყოველთაო ზეიმი იყო. 26 მაისი იყო შედეგი სიმამაცის, ერთიანი, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულის.

სამოცდაათი წლის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმის მცდელობების მიუხედავად საქართველოს პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და დღესაც მისი იდეალების დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ყოველი 26 მაისი ამ დიდი მონაპოვარისა და თავისუფლების ძლიერი სიყვარულის ზეიმია. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”, – წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის სახელით, საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ბლინკენი წერს, რომ ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, საქართველოს ხალხმა აჩვენა ევროატლანტიკური მომავლისკენ მტკიცე სწრაფვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, გმობენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ 30 წლის განმავლობაში, ორმხრივი ურთიერთობებისას აშშ ამაყობდა საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერით დემოკრატიული განვითარების წინსვლის, ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და უზრუნველყოფილი მომავლისთვის. ბლინკენის თანახმად, ორი ქვეყანა ერთად მუშაობდა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად. სახელმწიფო მდივანი ადასტურებს აშშ-ის უცვლელ ერთგულებას საქართველოსთან პარტნიორობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

ისრაელის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

დიპლომატიური უწყება 26 მაისთან დაკავშირებით საგანგებოდ გადაღებულ ოთხ წუთიან ვიდეოს ავრცელებს ტექსტით – “ისრაელის საელჩოს თანამშრომლები გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვაცოცხლებთ ფიროსმანის ყველასათვის საყვარელ გმირებს”.
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ჰარცელი აღნიშნავს, ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება.

“მთელი გულით ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდამჭერად რჩება. ამ რთულ დროს ჩვენ უკრაინისადმი სოლიდარობა გვაერთიანებს.

ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ და ვაფასებთ ჩვენს შორის არსებულ ღრმა კავშირებს. გვინდა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს. 3 მარტს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა, რაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებას გამოხატავს.

საქართველომ არჩევანი გააკეთა საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. ახლა არის დრო, საქართველომ, ევროპული გზის ერთგულების დასადასტურებლად, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას“,- აღნიშნავს ჰარცელი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო! მსურს თქვენ და ქართველს ერს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ქართველი და ამერიკელი ხალხი ერთმანეთთან ძლიერ არიან დაკავშირებულნი დამოუკიდებელი სულისკვეთებით და თავისუფლებისადმი ზიარი ერთგულებით.

საქართველომ თავისი მტკიცე მიზანდასახულობა აჩვენა მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვისას. დიდად ვაფასებთ თქვენს მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილ წვლილს ჩვენი 30-წლიანი ორმხრივი ურთიერთობების განმავლობაში, მათ შორის ავღანეთში ჩვენი საერთო ვალდებულებისა და თავგანწირვის კონტექსტში.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ, თუმცა აქვე ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია ბევრ ქართველს უზღუდავს ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებით სარგებლობას. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდებს დაასრულოს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას მშვიდობიანი მომავლის, კეთილდღეობის და დემოკრატიული თავისუფლების მისწრაფებების გზაზე. შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხისადმი მტკიცე პარტნიორობის აღმოჩენას რეფორმების განხორციელების პროცესში და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში სწორუპოვარი პოზიციის განმტკიცებაში,” – აღნიშნულია ჯოზეფ ბაიდენის მისალოც წერილში.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button