დედაქალაქის მთავარი გამზირი პროტესტის 74-ე დღესაც გადაიკეტა
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2025/02/AQCIA-PARLAMENTTAN-e1738950121669-780x470.jpg)
ოლიგარქის პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
დემონსტრანტები სკანდირებენ: “გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
პროტესტის 74-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
მიმდინარე აქციას დღეს შეუერთდა სერიალ “შუა ქალაქის ფანების” მარშიც.
მანამდე, რუსთაველის გამზირის გარკვეულ პერიმეტერზე სამართალდამცველების კორდონი იდგა.
პოლიცია რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების ტროტუარზე შეკავებას ცდილობდა, თუმცა აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო ვერ მოახერხეს.
იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც სასამართლოში ე.წ. გზის გადაკეტვის ეპიზოდზე იბარებენ, არის ერთი ქალიც, რომელიც აქციაზე სხვებთან ერთად ითხოვს ახალ არჩევნებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ამ პატიმრებს შორის კი მისი შვილიცაა, თორნიკე გოშაძე, რომელსაც რუსული რეჟიმი მისთვის უცნობ პირებთან ერთად გამოგონილ დანაშაულის ჩადენას აბრალებს და სხვა ახალგაზრდებთან ერთად ახლა საჩვენებლად სჯის.
შვილის უსამართლო პატიმრობის შემდეგ რეპრესიული მანქანა ახლა მის დედას მიადგა და 5 000 ლარიანი ჯარიმით, ან ადმინისტრაციული პატიმრობით ემუქრება ქალს, რომელიც 9 აპრილის უშუალო მონაწილეა და თვითმხილველია ეროვნული მოძრაობის ჩასახშობად მოწყობილი სისხლიანი რეპრესიებისა.