დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე ღონისძიების გარეშე აინთო

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვის ხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება.
“ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება – ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მთავრობა 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავდა ნაძვის ხის ანთებასა და ღონისძიების გამართვას. იმ დღეს, ისევე როგორც გასული 16 დღის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აქცია იმართებოდა. დემონსტრანტები აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
დღეს, 16 დეკემბერს, პროტესტის მე-19 დღეა. ამ დროის განმავლობაში დაკავებულია 400-ზე მეტი დემონსტრანტი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე, შსს-ში კი ამბობენ, რომ დაშავდნენ მათი თანამშრომლებიც.