“დედის დღის” ისტორია

“დედის დღე” საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. ეს დღე საქართველოში უქმეა. “დედის დღეს” საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.

11 მაისს დასავლეთის ქვეყნებში დედის დღე აღნიშნავენ. “დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა, დღე, როცა დედას საუზმეს ლოგინში მიართმევენ, როცა მთელი ოჯახი იკრიბება, როცა ანთია სანთელი წარწერით “მიყვარხარ” – ასეთ განმარტებას ვკითხულობთ ერთ-ერთზე დედის დღისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი საინტერნეტო საიტებიდან, რომლებიც, ჩვეულებრივ, ვარდისფერი ყვავილებითა და მადლიერების გამომხატველი გარითმული სტრიქონებით არის შემკული.

გერმანიაში დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა ინიციატივით დაარსდა.

“დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. თუმცა უნდა ითქვას, რომ საუბარია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს.

1914-ში აშშ-ში “დედის დღე” ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადეს. სწორედ მაშინ დაიწყო მამაკაცების და არა მხოლოდ მათი ყოველწლიური სამაისო შტურმი ყვავილების მაღაზიებზე, შტურმი, რომელიც, “დედის დღესთან” ერთად, დროთა განმავლობაში ევროპის მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბრიტანეთს, სკანდინავიის ქვეყნებსა და გერმანიას მოედო.

მსგავსი პოსტები

Back to top button