“დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2 წელში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა”
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს 2015-2016 წლებში 5 მილიონ ლარზე მეტი გაუხარჯავი დარჩა, რის გამოც მოსახლეობამ ვერ ისარგებლა იმ სიკეთით, რასაც ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.
უწყება ამბობს, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების დროულად განხორციელება, სათანადოდ ვერ დაგეგმა მისაღები შემოსავლები და თავისუფალი ნაშთის გამოყენება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქონების გადასახადის ძირითადი ნაწილის შემოსვლა 15 ნოემბრისთვის ხდება და მისი ხარჯვა წლის ბოლომდე, თანხის დიდი ოდენობის გამო, შეუძლებელია. თუმცა, აუდიტის ჯგუფი ამ არგუმენტს არ ეთანხმება და წერს, რომ მუნიციპალიტეტს ნოემბერ-დეკემბერში ამ თანხების გახარჯვა შეეძლო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოუწოდებს დედოფლისწყაროს ადგილობრივ ხელისუფლებას, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და საკუთარ ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული პრობლემების დროულ მოგვარებას.
ინფორაციის წყარო Droa.ge.