ერთი პასკა და ერთი გაყინული ქათამი 10 000 ლარად-საგარეჯოს მერიის სააღდგომო ნობათი სოციალურად დაუცველებისთვის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, სააღდგომოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს 900 გრამიან პასკას და ერთ გაყინულ ქათამს გადასცემს. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, 800 სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, მიმწოდებელმა პასკა და ქათამი, მერიას 28 აპრილამდე უნდა მიაწოდოს.ამისათვის კი ადგილობრივ ბიუჯეტში მხოლოდ 10 000 ლარია გამოყოფილი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსანდრე გილაშვილი რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ საკვები პროდუქტის შეძენა ბიუჯეტის შესაძლებლობების მიხედვით ხდება.
” ჩვენთან აღრიცხულ სოციალურად დაუცველებს ხშირად ვეხმარებით. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სახის პროდუქტს გადავცემთ. ბიუჯეტს რის შესაძლებლობაც აქვს, იმას ვაკეთებთ”- განაცხადა გილაშვილმა.
საგარეჯოს მუნიციპლიტეტის საკრებულოს წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, გარი ბუხნიკაშვილი, რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ მწირი დახმარების მიზეზი, ბიუჯეტის არასწორი გადანაწილებაა.
” სოციალურად დაუცველებს ნორმალურ დახმარებას როგორ მისცემენ, როცა შრომის ანაზღაურებისა და საკუთარი ხარჯებისათვის წელს ბევრად უფრო მეტი გაითვალისწინეს ბიუჯეტში. მერიაში იმდენი ადამიანი მუშაობს, დასაჯდომად სკამები არ ჰყოფნით. რაღაცნაირად გამოწიწკნეს ახლა ბიუჯეტს თითო პასკა”-განაცხადა ბუხნიკაშვილმა.
ტენდერის ჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში, დახმარებას სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველი, 800 ოჯახი მიიღებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, პროდუქტის შეძენას ნოვრუზ- ბაირამის დღესასწაულზე, მუნიციპლიტეტში მცხოვრები, ეთნიკური აზერბაიჯანელებისათვისაც გეგმავდა.
100 გრამი ჩაის, 1კგ კანფეტისა და ერთი გაყინული ქათმის შესაძენად, მარტის თვეში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა და დაგეგმილი დახმარება მოსახლეობამ ნოვრუზ – ბაირამის დღესასწაულზე, ვეღარ მიიღო