დედოფლისწყაროში არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდება

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დედოფლისწყაროში, დიდნაურის ნაქალაქარის მოსანახულებლად იმყოფებიან.
რამდენიმე დღის წინ დიდნაურის ნაქალაქარზე სატელიტური გადაღებებისა და მცირე გათხრითი სამუშაოების შემდეგ, სავარაუდოდ ბრძოლაში დაღუპული მხედართმთავრის სამარხს მიაკვლიეს. ჩონჩხს მუცლის არეში ისრის პირი აღმოაჩნდა, რომელიც არ არის კავკასიური წარმომავლობის. ზურგის არეში მას ბრინჯაოს მახვილიც აქვს, რომელიც ძვ.წ. XIII საუკუნით თარიღდება.
დიდი რაოდენობით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით დიდნაურის ნაქალაქარი შეუცდომლად ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასასრულით და ძვ.წ პირველი ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.
კულტურის მინისტრის მოადგილის თქმით, დიდნაურის ნაქალაქარზე არქეოლოგიური სამუშაოები წელსაც გაგრძელდება.