მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“დემოკრატიის ინდექსი” ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით უპირობო გამოძიებას ითხოვს

არასამთავრობო “ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსის” თავმჯდომარე ეკატერინე ციმაკურიძე, შესაბამის სრტუქტურებს გამოძიების სასწრაფოდ დაწყებისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
” ეს ჩანაწერი რომ ბევრი მიზეზის გამოა შემზარავი, ამაზე არ დავკონკრეტდები. მგონი ყველასთვის ნათელია. როგორი რეაგირება იქნებოდა სწორი:
1. სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა არა იმისთვის, რომ გაირკვეს ვინ გააკეთა და გაამჟღავნა პირადი საუბრის ჩანაწერი, არამედ იმისთვის რომ გაირკვეს აქვს თუ არა ადგილი მაღალი თანამდებობის პირების და სხვათა მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენას. ჩვენი კანონმდებლობით კერძო საუბრის გამჟღავნება არ ჩაითვლება დანაშაულად თუ ეს ჩანაწერი ამხელს დანაშაულს.
2. კერძო საუბრის ჩანაწერის გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გამოიკვეთოს მხოლოდ იმ შწმთხვევაში თუ, გამოძიებით დადგინდება რომ ეს ჩანაწერები ფაბრიკაციაა.
მაგრამ, არსებობს სერიოზული პრობლემა. არ არსებობს გამოძიების დაწყების და ობიექტურად ჩატარების მოლოდინი (ხელისუფლებამ მაღალჩინოსნებმა გამოძიების გარეშე უკვე დაადგინეს რომ გამოძიება კი არ უნდა ჩატარდეს, არამედ რომ ჩანაწერი არ არის ნამდვილი).
თუ მაინც დაიწყო, გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა იქნება უკიდურესად დაბალი.გამომძიებელ უწყებას და ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდებათ დაარწმუნონ საზოგადოება რომ ასეთ საქმეზე გამოძიება მიუკერძოებლად ჩაატარეს და ის რასაც დაადგენენ სიმართლეა. ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ.” -წერს ციმაკურიძე.

“2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გაჟღერებული ფარული ჩანაწერი, უპირობოდ გამოძიების დაწყების საფუძველია, რამდენადაც იგი შეიცავს ინფორმაციას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ. ამასთან, შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, ნაცვლად სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა, წარმოადგენს დანაშაულის მხილების ერთ-ერთ კანონიერ ფორმას და მიუთითებს მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან მამხილებლის დაცვის ქმედითი მექანიზმების არარსებობაზე.

აუდიოჩანაწერებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო მძიმე დანაშაულის მონაწილენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მოქმედი პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მით უფრო მწვავე ხდება სიტუაცია, როდესაც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი პირი.

რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში ამ დანაშულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება.

აღნიშნული განპირობებულია დანაშაულის გამოვლენის აღმატებული საჯარო ინტერესით და მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები იმხილებიან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს და იგი გამოძიების ორგანოს გადაეცემა, პასუხისმგებლობის საფუძველს აღარ წარმოადგენს. ამდენად, კერძო საიდუმლოების დარღვევა, როგორც დანაშაული, აღარ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიებით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ავთენტურობა, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. ამას მოითხოვს სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპები.

მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, ობიექტური, ყოველმხრივი და სანდო გამოძიებით დადასტურდა გავრცელებული დიალოგის ფაბრიკაცია, შეიძლება გამოიკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის პასუსისმგებლობის საკითხი, ვინაიდან დანაშაულის გამჟღავნება, თუნდაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევით, საქართველოს კანომდებლობით პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.

გავრცელებულ დიალოგში გაჟღერებული საარაუდო დანაშაულის გამოძიების პრიორიტეტულობასთან ერთად, ასევე, ნათელი ხდება მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული სახელმწიფოს უუნარობა. სახელმწიფო სუსტია, დაიცვას პირი დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან – ინფორმაციის წყარომ გამოძიების ნაცვლად მასალა მედიასაშუალებებს გადასცა. აღნიშნული ბუნებრივი და განსაკუთრებით დამახასიათებელია ისეთი ვითარებისთვის, როცა მამხილებელის დაცვის საკანონმდებლო და პრაქტიკული მექანიზმები ფაქტობრივად არ არსებობს ან როცა სავარაუდო დანაშაულში ფიგურირებენ მმართველი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რაც კიდევ უფრო ამცირებს დანაშაულის მიუკერძოებლად გამოძიების მოლოდინს.

მამხილებლის ინსტიტუტის არარსებობამ თავი იჩინა სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. აღნიშნულის საპასუხოდ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად დაუყოვნებლივ შეექმნა სამუშაო ჯგუფი. სამწუხაროდ, პარლამენტს საპასუხო არცერთი ნაბიჯი დღემდე არ გადაუდგამს.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას:

– დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით.

– გამოძიება ჩაატაროს ყოველმხრივ, ობიექტურად და დროულად.

– გამოძიების მიმდინარეობისას დაიცვას ყველა ის ზომა, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა.

– გამოკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევაში თუ, დადგინდება აუდიო ჩანაწერების ფაბრიკაციის ფაქტი.

ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს:

– ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი. – ნათქვამია “დემოკრატიის ინდექსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, “TV პირველის”, “ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში”, გავიდა სატელეფონო ჩანაწერები,სადაც სავარაუდოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვაჟი ბერა ივანიშვილი და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას გეგმავენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button