დეპარდიე საცხოვრებლად ბელორუსიაში გადადის
ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთში საკუთარი ქონების გაყიდვას და ბელორუსიაში საცხოვრებლად გადასვლას გეგმავს.
„ახლა იტალიაში ვცხოვრობ, უახლოეს პერიოდში ბელურუსიაში გადავალ და იქ გლეხებთან ერთად ვიცხოვრებ. ის ქვეყანა მომწონს. იქ საოცარი სილამაზეა და პრეზიდენტიც კარგი ჰყავს“, – აცნობა დეპარდიემ კორესპონდენტს.
აგრეთვე, მსახიობმა საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ხელისუფლება გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ევროპა საერთოდ არ მოსწონს, მისი შემდგომი განვითარების იდეის არ სჯერა და პოლიტიკისგანაც თავს შორს დაიჭერს.
„უბრალოდ, საფრანგეთიდან წასვლა და ბელორუს გლეხებთან ერთად ცხოვრება მსურს“, – დასძინა მსახიობმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივლისში, დეპარდიე ბელორუსიას სტუმრობდა.