მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დეპუტატების 4-საათიანი ცხარე დებატების შემდეგ თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს, გადაწყვეტილებას თურქი დეპუტატების 4-საათიანი ცხარე დებატები უძღოდა წინ. შვედეთი, განაცხადზე თანხმობას, თურქეთის პარლამენტისგან წელიწადზე მეტხანს ელოდა. დოკუმენტი პარლამენტმა სამშაბათს, 23 იანვარს გვიან ღამით დაამტკიცა.

შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ 2022 წლის მაისში განაცხადეს. ფინეთი ნატო-ს 2023 წლის აპრილში შეუერთდა, მაგრამ შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი გასული წლის ოქტომბერში მოაწერა და დოკუმენტი პარლამენტს რატიფიკაციისთვის წარუდგინა.
სანაცვლოდ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სტოკჰოლმს რამდენიმე პირობის შესრულება მოსთხოვა. უპირველეს ყოვლისა, ქურთთა მუშათა პარტიის იმ აქტივისტების ექსტრადირება, რომლებმაც თავშესაფარი მიიღეს შვედეთში და რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტებად მიიჩნევს.

გარდა ამისა, თურქეთმა მოითხოვა შვედეთის მიერ თურქეთისათვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმება. ერდოანმა შვედეთში მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის ქმედებები გააკრიტიკა და მათი აკრძალვა მოითხოვა.

ახლა თურქეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირებული დოკუმენტი ერდოანს ხელმოწერისთვის დაუბრუნდება. თურქეთის მხრიდან დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, შვედეთის ნატოში გაწევრიანების ბოლო დაბრკოლება იქნება კავშირის კიდევ ერთი ქვეყანა, უნგრეთი. ალიანსის წესდების თანახმად, ნატოს ბლოკში ახალი წევრები ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიიღება.

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმა. იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ რატიფიცირების პროცედურას უნგრეთიც მალე დაასრულებს.
გასული წლის 10 ივლისს თურქეთი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა, თუ ევროპა გზას გახსნის ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად. ევროპელმა ლიდერებმა ერდოღანის სურვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესია.

მანამდე ერდოღანი შვედეთისთვის საბოლოო თანხმობის მიცემას იმ მიზეზით აყოვნებდა, რომ მისი თქმით, ისინი ქურთ მებრძოლებს ეფექტურად არ ეწინააღმდეგებიან, რასაც ანკარა საფრთხედ მიიჩნევს

საკანონმდებლო ორგანოს მიერ რატიფიცირებულ დოკუმენტს ხელი, საბოლოოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ბოლო დაბრკოლება უნგრეთი იქნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button