“დეტალებზე არ მაქვს ინფორმაცია, რა გახდა საფუძველი ზაზა გახელაძის გათავისუფლების“ -ირაკლი კობახიძე
როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, მან არ იცის რა პირობით გაათავისუფლა დე ფაქტო რეჟიმმა ზაზა გახელაძე. მისივე თქმით, არ იცის გაცვალა თუ არა ქართულმა მხარემ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გახელაძე “სამხრეთ ოსეთის მოქალაქე” ვ. გობოზოვში.
სწორედ, სააგენტო “რეს”-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახელაძე უპირობოდ არ გაუთავისუფლებია დე ფაქტო რეჟიმს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.
“დეტალებზე არ მაქვს ინფორმაცია, რა იყო, როგორ იყო, რა გახდა საფუძველი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საბოლოო ჯამში. ჩვენთვის მთავარი იყო ამ მიზნის მიღწევა და ეს მიზანი არის მიღწეული. მთავრობა იყო თავიდან ბოლომდე ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა” – განაცხადა კობახიძემ.
ვისთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს საქართველო, მოსკოვთან თუ ცხინვალთან, ამის შესახებ ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია. თქვა მხოლოდ ის, რომ “მოლაპარაკებები წარმოებდა იმ ფორმატებით, რომელიც ასეთ შემთხვევებში არის აქტუალური. საპატრიარქოც იყო ჩართული სხვადასხვა ფორმით.”