დევიდ ლი: არ მიფიქრია ვინმეს შეურაცხყოფა

მაგთიკომის პრეზიდენტი დევიდ ლი სოციალურ ქსელში ბოდიშის წერილს ავრცელებს

“კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ,მე არ მიფიქრია ვინმეს შეურაცხყოფა. როცა მე ვწერ ქართულად ჩემს ფეისბუქზე, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება. მე არ ვლაპარაკობ მაგთიკომის სახელით ან სხვა რომელიმე ორგანიზაციის სახელით. მე არ მაქვს ამის უფლება.მე ვფიქრობ,რომ ფეისბუქი და სოციალური ქსელები არის მნიშვნელოვანი დღესდღეობით და მომწონს, რომ მე შემიძლია დავწერო ჩემი აზრები ქართულად. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა ჩემთვის”- წერს დევიდ ლი, რომელმაც სოციალური ქსელით საქართველოს ხელისუფლება 15 თებერვალს გააკრიტიკა.

“მეგობრებო, როცა მე ვწერ ან ვლაპარაკობ ქართულად ეს არის კარგი პრაქტიკა ჩემთვის. მაგრამ ყოველთვის არის და იქნება რამდენიმე შეცდომა. როცა ასე ხდება მე ბოდიშს ვიხდი. მე ასე არ მინდოდა. მე არ მინდოდა არავის წყენინება.”

იგი წერდა, რომ როცა ამბობენ, რომ არ არსებობს შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კონტრაქტი, ეს არის დიდი ტყუილი. არ მიყიდო საქართველოს მომავალი რუსეთს” 

მაგთიკომის პრეზიდენტის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ჯერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და განაცხადა, რომ დევიდ ლის პოლიტიკური განცხადებები აზარალებს მაგთიკომის იმიჯს.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გააკეთა კომენტარი.  ვიმ-პელ-კომის მიერ საქართველოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხის შესაძლო შეძენას პრემიერ- მინისტრი არ ეთანხმება.

“ხელისუფლება ინტერნეტარხის გასხვისებას სტრატეგიული რისკების ჭრილში განიხილავს და ამ კუთხით რისკების გაჩენას მხარს არ უჭერს. ეს არის მარეგულირებლის გადასაწყვეტი და მარეგულირებელთან ერთად წინასწარი მსჯელობა შედგა. ჩვენი მყარი პოზიცია გახლავთ ის, რომ ბოჭკოვანი კაბელების მაგისტრალის გასხვისება იქნას განხილული ქვეყნის სტრატეგიული რისკების ჭრილში და ამ კუთხით რისკები არ იქნას აღებული. ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ. ეს არის ჩვენი მიდგომა და გავეცნობი მაგთიკომის განცხადებასაც,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ “მაგთიკომს” კომისიის შესაბამისი თანხმობა აქვს  და შეუძლია, “კავკასუს ონლაინის” 150 ათასი აბონენტიანი აქტივი თავადაც შეიძინოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button