დევნილები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

აფხაზეთიდან დევნილები ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, შეიქმნას კომისია, რომელიც ხელახლა განიხილავს საცხოვრებლის გადაცემის საკითხს.
თვეზე მეტია, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ შესასვლელში დევნილები საპროტესტო აქციებს მართავენ. მათ ნაწილს სამინისტროს შესასვლელში სძინავს. 60-მდე ოჯახი სამინისტროს მიერ შემოღებული ქულებისა და კრიტერიუმების სისტემას აპროტესტებს, რის მიხედვითაც, ბინებით მხოლოდ სამი ოჯახი დააკმაყოფილეს.
პროტესტის მონაწილეებს 16 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა სურდათ, თუმცა პოლიციამ ისინი შენობაში არ შეუშვა.
ჯანდაცვის მინისტრი აქციის მონაწილეებს დღემდე არ შეხვედრია.
“ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება”, – განუცხადაჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა იმართება. მისივე თქმით,დევნილები, რომელიც დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ბინებს მიიღებენ.
გიორგი წოწკოლაური კონკრეტულ კრიტერიუმებს და ბინის გადაცემის პრინციპს ასახელებს.
„კრიტერიუმები ასეთია: თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, აქვთ თუ არა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი მოზარდი, არის თუ არა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შესაბამისი შეწონილი ქულა, ხოლო ქულა კი განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს უფრო მეტად სჭირდება და პრიორიტეტულია მოცემულ მომენტში ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც მე ვსაუბრობ,“ – აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.