მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღეიდან 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. უწყების განცხადებით, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს.

“რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალა – მათი თქმით, ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.
მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული მედიკამენტების სია, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო გაიზრდება და რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება.
საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში გაგზავნის გადაწყვეტილება 2022 წლის 9 ნოემბერს მიიღო. მისი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მიენიჭოს უფლება, დააწესოს მედიკამენტის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. უწყებამ ფასების დადგენა 2023 წლის 15 იანვრიდან დაიწყო.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია.

“ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. იმ მედიკამენტებზე, რომლებიც 15 თებერვალს შევიდა ძალაში, საშეღავათო პერიოდი მოქმედებდა. უკვე, რეგულირების სააგენტოს შეუძლია, გაფრთხილება და საჯარიმო სანქციები აამოქმედოს. საჯარიმო სანქციები საკმაოდ მაღალია, 5-დან 30 000 ლარამდე, გააჩნია, რა ტიპის დარღვევას ექნება ადგილი,”- აცხადებს ღუდუშაური.

მსგავსი პოსტები

Back to top button