მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დღეიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა

პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ეს ინიციატივა საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობას უკავშირდება.

ერთი თვის განმავლობაში პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;

ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი;

მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია(უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს თანახმად, პირობის მოწმობას უფასოდ აიღებენ:
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;

მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა კი პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

პირადობის მოწმობის უფასოდ აღების მსურველმა პირებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

მსგავსი პოსტები

Back to top button