მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნებამ რეგისტრაცია არ გაიარა კენჭისყრა ისევ ვერ შედგა

"ქართული ოცნება" დამნაშავე მოსამართლეების დაცვას აგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობამ “მოსამართლეებისადმი სოლიდარობის” ნიშნად დღეს, 20 აპრილის სხდომაზეც არ გაიარა რეგისტრაცია კენჭისყრის დაწყებამდე. შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ისევ ჩავარდა. ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მესამედ მიიღო. ამ მიზეზით პროცედურულად ისევე, როგორც წინა ორ შემთხვევაში, არ დადგა მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს (მინიმუმ 76 ადამიანს), რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.

რეგისტრაციის დაწყებამდე კოლეგებს ისევ მიმართა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ:

“ჩვენი პოზიცია არის, რა თქმა უნდა, უცვლელი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა დეპუტატის ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს და ჩვენ ვმოქმედებთ სწორედ ამ პრინციპების შესაბამისად… ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან. დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით რეგისტრაციას.”

საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია.. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 21 აპრილს, აღარ გაიმართება.

“პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე. დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც არ გავივლით რეგისტრაციას”, – თქვა კობახიძემ.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 და 19 აპრილსაც მიმართეს.

მოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათ ერთიანი პოზიცია აქვთ.

“[კომისია] შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა. სანქციებს, რომელიც აშშ-მა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს”, – თქვა 18 აპრილის სხდომაზე საკითხის წარდგენისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ “არა უშავს”. მისი თქმით, ამ ფაქტს “როგორმე გადაიტანს”.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც – მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.
………………..
ცნობისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ცნობით, 2022 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა პარლამენტის 18-მა წევრმა, საიდანაც 10 უმრავლესობის, 6 ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია:

ლგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა)
ისკო დასენი (უმრავლესობა)
გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი)
აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია)
მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია)
სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა)
ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა)
სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
გოგი მეშველიანი (უმრავლესობა)
კობა ნაყოფია (ოპოზიცია)
რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია)
დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია)
გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა)
ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა)
ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია)
დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი)
ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)

მსგავსი პოსტები

Back to top button