“დღეს არის გადამწყვეტი დღე”
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ განუცხადეს, რომ ელჩი კელი დეგნანი ამჟამად ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მათი მოთხოვნები აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია.
როგორც საელჩოში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიურო მაშინ ჩაერთვება, თუ ეს სახელმწიფოს მოთხოვნა იქნება.
„მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. პასუხი მითხრეს, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოსო. დღეს არის გადამწყვეტი დღე, დაიდება მანქანისა და კომპიუტერის ექსპერტიზა.” – განაცხადა თამაზაშვილმა.
მისი თქმით, ოჯახის სამომავლო გეგმები ხელისუფლებისა და საგამოძიებო უწყებების ქმედებებზეა დამოკიდებული.
თამარ ბაჩალაიაშვილის ოჯახმა ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს. ბაჩალიაშვილის დედამ დღეს ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს სთხოვა, რომ საქმეში FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით დაეხმაროს.
“გემუდარებით, გეჩოქებით, კელი დეგნან, გულთან ახლოს მიიტანეთ, ამერიკის მთავრობავ, გთხოვ, აქ ვერ მივაღწიე სამართალს 18 დღეა. გემუდარებით, ჩემი უმანკო კრავი ყველანაირ ლაფში ამოსვარეს, ათასნაირ ცილს წამებენ.” – თქვა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.
მოისმინეთ თეონა თამაზაშვილის და მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ხმები.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება, სადაც ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერიდან არსებული ინფორმაცია უნდა მიიღოს. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, რამიშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
“კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა. ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რამდენად შესაძლებელია ის ფაილები აღდგენილიყო, რომლის წაკითხვაც სავალდებულოა და შედეგად გეცოდინება, რა ინფორმაცია ინახებოდა თამუნას კომპიუტერში.” – თქვა მიხერილ რამიშვილმა.
მოისმინეთ მიხეილ რამიშვილის ხმა.
აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელმაც ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ მათ გვერდით იდგება.
მაჩალიკაშვილის აზრით, თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა სახელმწიფოს დანაშაულია და სიმართლის გასარკვევად, ისიც იბრძოლებს.
მოისმინეთ მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმა.
ბაჩალიაშვილის დედა აპირებს, რომ თუ სამ დღეში კითხვებზე პასუხები არ ეცოდინება,შიმშილობა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი, ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა, პროტესტის ნიშნად, გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
კომპანია ZAG-ის მფლობელი აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი, დაზუსტებით არ იცის, თუ რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.
25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.