დღეს, ბოშათა საერთაშორისო დღეა
8 აპრილს, მსოფლიოს ქვეყნებში, ბოშების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1971 წლის ამ დღეს, ბოშების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, სადაც ბოშებმა ნაციონალური სიმბოლოები: დროშა და ეროვნული ჰიმნი მიიღეს და თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს.
ბოშათა საერთაშორისო დღის მიზანი, ამ ნაციის ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ წინაშე არსებული ბარიერების შესუსტება და საზოგადოებისთვის, ბოშათა ადათ-წესების გაცნობაა.
ბოშები ჩრდილოეთ ინდოეთიდან მომდინარე ეთნიკური ჯგუფია. ისინი ევროპაში, სპარსეთისა და თურქეთის გავლით, ახ. წ. 1300 წლამდე მოხვდნენ. დღეისთვის, მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, ჯამში 12 მილიონი ბოშა ცხოვრობს. ისინი მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და იმ ქვეყნის ენის გარდა, სადაც სახლობენ, საკუთარ, ბოშურ ენაზე, იგივე – აწინკნურ ენაზე საუბრობენ.
საუკუნეების მანძილზე, ბოშები სასტიკი დევნის მსხვერპლი იყვნენ. ისინი, ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან განდევნეს, ზოგან კი საუკუნეების განმავლობაში დამონებული ჰყავდათ. ჰოლოკოსტის დროს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნაცისტებმა დაახლოებით 2 მილიონი ბოშა დახოცეს. ბოშების დევნა მიმდინარეობდა ყოფილ საბჭოთა კავშირშიც. მათ მიმართ დღესაც არაერთი სტერეოტიპი არსებობს – ერთი მხრივ, ისინი პოპ-კულტურის ნაწილი არიან და ფილმებსა და რომანებში, იდუმალ და ქარიზმატულ ნაციას წარმოადგენენ, რომლებიც გრძნეულები არიან და სიხარულსა თუ მწუხარებაში, მუდამ მღერიან და ცეკვავენ. ხოლო რეალურ ცხოვრებაში, ბოშებს ხშირად მოიხსენიებენ ბრუტალურ და არასანდო ადამიანებად, რის გამოც, ისინი მარგინალიზებულნი არიან.
ფაქტია, რომ ბოშებმა მოხეტიალე ცხოვრების წესის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნეს საკუთარი კულტურული იდენტობა. მთავარი მიზეზი, რის გამოც, ბოშების ასიმილაცია არ მომხდარა, მათი ერთგულებაა საკუთარი ღირებულებების მიმართ.
სადაც არ უნდა იყვენენ, ისინი ყოველთვის განეკუთვნებიან ბოშათა საზოგადოებას
ბოშისთვის ყველაზე მკაცრი სასჯელი, ბანაკიდან, იგივე – თაბორიდან განდევნაა. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იღებენ, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს, როგორიცაა მაგალითად, მკვლელობა. როგორც წესი, ბოშები ყოველთვის გრძელ თმას ატარებენ, დამნაშავეს კი თმას ჭრიან და ისე დევნიან ბანაკიდან.
ოჯახის ერთგულების კულტი
ოჯახის მიმართ ერთგულება, ბოშებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ბოშები ოჯახის ინტერესებს, საკუთართან აიგივებენ, ხოლო ის ბოშა, რომელმაც ოჯახი დაკარგა, ან არასდროს ჰყლია ის, ბოშების საზოგადოებაში ავტორიტეტით ვერ ისარგებლებს და მისი სოციალური როლიც, ძალიან დაბალია.
ბავშვობის კულტი
ბოშებისთვის თითოეული ბავშვი, განურჩევლად იმისა, მათი ოჯახის წევრია ის, თუ საერთოდ არ განეკუთვნება ბოშათა რიგებს, განიხილება, როგორც პიროვნება, რომელსაც ესაჭიროება დაცვა, დახმარება, თბილი სიტყვები და გამოკვება.
დედობის კულტი
ბოშების ნაწილი, ქალს მანამ არ განიხილავს ჩამოყალიბებულ პიროვნებად, სანამ ის ბავშვს არ გააჩენს. უშვილობა კი ცოდვად ითვლება. ბოშების გაერთიანებაში, დედობა უთანაბრდება პროფესიულ ან სოციალურ წარმატებას, თუმცა იმ განსხვავებით, რომ დედის სტატუსი, ყველაზე საპატივცემულოა.
ასაკის კულტი
ბოშები არამარტო მოხუცების მიმართ გამოხატავენ პატივისცემას, არამედ ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ასაკით, უფროსია.
პროფესიის კულტი
ბოშებისთვის, პროფესიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომ, ის ბევრ წეს-ჩვეულებასთანაა კავშირში. უმთავრესი ტრადიცია კი ისაა, რომ ბოშები, საკუთარი ოჯახის პროფესიას აგრძელებენ და არ ცდებიან საკუთარი ეთნო ჯგუფის ტრადიციულ საქმიანობას.