დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება

მსოფლიო მედიისა და საზოგადოების ყურადღება დღეს ბრიუსელისკენ არის მიპყრობილი, სადაც რამდენიმე საათში NATO-ს, მოგვიანებით კი ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტები უნდა დაიწყოს.
სამიტებს დაესწრება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ბრიუსელში წუხელ ჩაფრინდა.
ნატოს ლიდერები განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შედეგებს, ჩინეთის როლს კრიზისში და გადაწყვეტენ ნატოს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შემდგომ ნაბიჯებს.
ნატოს საგანგებო სამიტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წინასწარ გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ლიდერები დღეს იმსჯელებენ.
ეს გადაწყვეტილებები მოიცავს ნატოს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში; ნატოს პოზიციის გაძლიერებას ყველა სფეროში (სახმელეთო, ზღვა, ჰაერი, კოსმოსი და კიბერ სივრცე), უკრაინის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერებას, რუსეთის ზეწოლის რისკის ქვეშ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია – ჰერცეგოვინასთვის.
“გადაწყვეტილებებს, რომლებსაც მივიღებთ, შორსმიმავალი შედეგები ექნება”, – თქვა გენერალურმა მდივანმა.
მან გაიმეორა, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ნატოს მოკავშირეებს დასჭირდებათ გააორმაგონ ძალისხმევა თავდაცვის სფეროში მეტი ინვესტიციისთვის.
ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „გაჩნდა გადაუდებელობის ახალი შეგრძნება, რადგან ჩვენ ვერ მივიღებთ მშვიდობას თავისით”.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მხრიდან, რომელთა სამიტებიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, „მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“ ელოდება.
უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გამოავლენს, „ვინ არის მეგობარი, ვინ არის პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულისთვის“.
„ყველა პოლიტიკოსებმა უნდა დაუჭირონ მხარი თავისუფლებას. მათ უნდა დაუჭირონ მხარი სიცოცხლისთვის ბრძოლას. ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნატოდან, ევროკავშირიდან და „დიდი შვიდეულიდან“. ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს მათი ინტერესების ლობირება. ეს არის ომის ინტერესები. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ ზოგიერთ პარტნიორთან“, – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა „მტკიცე პოზიციით“ იქნება წარმოდგენილი დღეს დაგეგმილ სამივე სამიტზე. მანვე ხაზი გაუსვა, უკრაინის იარაღის მიწოდებით მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენ არ მიგვიღია თვითმფრინავი და თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. ჩვენ არ მიგვიღია ტანკები, გემსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. რუსეთის ძალებს შეუძლიათ გააგრძელონ ათასობით ჩვენი მოქალაქის მკვლელობა, ჩვენი ქალაქების განადგურება. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დამპყრობელია. მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ათწლეულების მანძილზე ემზადებოდა ასეთი ომისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მათ ითხოვეს უკრაინის „ცის დახურვა“, ისევე როგორც, ნატოს დახმარება, რომ ყოფილიყო ეფექტური და შეუზღუდავი.
„ჩვენ ვთხოვეთ ალიანსს ეთქვა, რომ იგი სრულად დაეხმარება უკრაინას ამ ომის მოგებაში, გაასუფთავებს ჩვენს ტერიტორიებს დამპყრობლებისგან და აღადგენს მშვიდობას უკრაინაში“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
იენს სტონტელბერგის ხმა