დღეს ჩატარებული ყრილობისა და განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ მმართველი გუნდი ინფორმაციას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, საკომიტეტო განხილვების შემდეგ კი კენჭს სხდომაზე უყრიან.
დღეს ჩატარებული ყრილობისა და განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ მმართველი გუნდი ინფორმაციას ავრცელებს.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძე წარუდგინა.
პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართა “ქართული ოცნების” რიგით მერვე ყრილობა, სადაც აირჩიეს პარტიის ახალი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე. ხელახლა უცვლელი შემადგენლობით დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის შემადგენლობები.
ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ.
ამის შემდეგ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება,” – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები ორშაბათიდან დაიწყება.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მოსმენისა და კენჭისყრის დღის წესრიგს პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე შეათანხმებენ.
რაც შეეხება პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის კენჭისყრასა და დამტკიცებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პროცედურა ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი.
„ირაკლი კობახიძემ როგორც განაცხადა, ის ხვალ მომართავს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობით და სამთავრობო პროგრამით. ხვალ, 17:00 საათზე ჩაინიშნებსა ბიუროს სხდომა და გვექნება დღის წესრიგის განხილვა. მომავალი კვირიდან, ორშაბათიდან უკვე იქნება საკომიტეტო მოსმენები მთავრობის შემადგენლობის და ჩვენი გეგმაა კვირის ბოლოსთვის, ხუთშაბათისთვის განვიხილოთ მთავრობის შემადგენლობა პლენარულ სხდომაზე და კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.