უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, 9 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს და უკრაინის კონტროლქვეშ დაახლოებით, 160 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დააბრუნეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე აქტიური მიმართულებებია მელიტოპოლი და ბერდიანსკი, სადაც უკრაინის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 7.5 კმ-მდე დაწინაურდნენ.
„ზოგადად, თავდაცვის ძალების მიერ შეტევითი ოპერაციის განხორციელების პერიოდში ოპერატიულ ვითარებას მკვეთრი ცვლილება არ განუცდია და ხასიათდება მტრის მცდელობით, მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და დაიკავოს ტერიტორიები დონეცკის და ტაურიდას ოპერატიულ რაიონებში. დონეცკისა და ტაურიდის ოპერაციულ რაიონებში შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, ყველაზე აქტიური მიმართულებებია მელიტოპოლი და ბერდიანსკი, სადაც ჩვენი ქვედანაყოფები მტრის თავდაცვის სიღრმეში 7.5 კმ-მდე დაწინაურდნენ“, – განაცხადა გრომოვმა
ალექსეი გრომოვის განცხადებით, ე.წ. ცხელი შეჯახების ხაზის სიგრძე 1 200 კმ-ს აჭარბებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე დაიკავეს რამდენიმე ტერიტორია და გაანადგურეს ოკუპანტების მნიშვნელოვანი რაოდენობა.
“ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები პროგრესირებენ. მე-10 ედელვაისის ბრიგადის თავდასხმის ქვედანაყოფები უტევენ რუსეთის პოზიციებს ბახმუტის ჩრდილოეთ მისადგომებზე. რამდენიმე ტერიტორია დაიბრუნეს და მტრის ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი რაოდენობა გაანადგურეს”, – აცხადებს სირსკი.
უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება მწვავე ბრძოლა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერ ანდრი კოვალიოვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავებას ლიმანის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით.
რაც შეეხება ბახმუტის მიმართულებას, კოვალიოვის ცნობით, ქალაქიდან ჩრდილოეთით და სამხრეთით გრძელდება მოწინააღმდეგეზე ზეწოლა ადრე დაკავებული მიჯნებიდან მისი განდევნის მიზნით. გენშტაბის სპიკერის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს დასახლებული პუნქტის, კლიშჩივკის რაიონში. ანდრი კოვალიოვის ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი აქვს, რეზერვებს იყენებს და ძლიერ წინააღმდეგობას განაგრძობს.
სააგენტო „ბლუმბერგი“ ევროპის სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა ბახმუტში დიდი რაოდენობით ქვედანაყოფები გადაისროლა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შეასუსტა პოზიციების დაცვა უკრაინის სამხრეთში ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის მაისში დაამყარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, ამბოხება მოაწყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.
„ბლუმბერგის“ წყაროთა თანახმად, რუსეთი ემზადება „ვაგნერელების“ ნაცვლად უკრაინაში ჩეჩნების დამატებითი რაზმების და ასევე, პატიმრების ახალი ნაკადის გასაგზავნად.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია, სავარაუდოდ, ახლა არ ცდილობს დიდი ძალებით სწრაფად გაარღვიოს რუსეთის თავდაცვის ხაზები, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს მტრის ძალების თანდათანობით ამოწურვაზე.
“უკრაინის შეიარაღებული ძალები, როგორც ჩანს, ორიენტირებულია ასიმეტრიული ცვეთის გრადიენტის შექმნაზე: უკრაინის ცოცხალი ძალის შენარჩუნება ნელი ტერიტორიული წინსვლის ფასად, თანდათან გაანადგუროს რუსეთის ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა”, – წერენ ანალიტიკოსები.
ამ ვარაუდის გასამყარებლად ანგარისში მოყვანილია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ოლექსი დანილოვის სიტყვები, რომ “ახლა განადგურების ომი განმათავისუფლებელი ომის ტოლფასია”.
“უკრაინის ოპერაციების ამჟამინდელი ტემპი არ მიუთითებს ჩიხზე და არც იმაზე, რომ უკრაინას არ ძალუძს დაიბრუნოს დიდი ტერიტორიები”, – ამბობს ISW.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევა ნაკლებად ელვისებურია, ვიდრე ხარკოვის რეგიონის დიდი ნაწილის გათავისუფლება, უფრო წარმატებული, ვიდრე წარუმატებელი რუსული ზამთრის შეტევა, რომელიც მნიშვნელოვანი მიღწევის გარეშე დასრულდა.