მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურიდან

უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ენერგობლოკია.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოულოდნელად დაკარგა კავშირი ჩერნობილის დაცვის მონიტორინგის სისტემებთან.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან. ამ კავშირის დაკარგვის შესახებ სააგენტომ 8 მარტს განაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაცია სიტუაციას იკვლევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს უკრაინამ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია.

ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. უკრაინა საერთაშორისო სააგენტოს სთხოვს, მოამზადოს პერსონალის შეცვლის და როტაციის ეფექტური სისტემის გეგმა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, მარიანო გროსის განცხადებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალი რთულ და დაძაბულ ვითარებაში იმყოფება, რაც ბირთვული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ რისკებს ქმნის. გროსი ატომურ ელექტროსადგურზე „ეფექტური კონტოლის” მქონე ძალებს, ანუ რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პერსონალის უსაფრთხო როტაცია.
3 მარტს, ღამით რუსი სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია.

ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.

უკრაინის ტერიტორიაზე 15 ატომური ენერგობლოკია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა მარიანო გროსმა 8 მარტს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მზად არის უკრაინაში ჩავიდეს და დაეხმაროს ბირთვული ობიექტების დაცვაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button