იუსტიციის სამინისტრომ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ მიზანშეწონილია ქვეყნის მოქალაქეობა შეუწყდეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს. განცხადება სამინისტროს სახელით გავრცელდა.
“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – წერია განცხდებაში.
პრეზიდენტის წინასწარი თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზად არის, შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, საქართველოს მოქალაქეობა დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის:
ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე;
ბ) მისი ხელმოწერის დღიდან თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა “თანამოაზრე” ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს “სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში”. ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს “ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ”. დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, “აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება” შეეზღუდა.
*ტექსტი და სათაური განახლებულია იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკგანცხადების ცვლილებების შესაბამისად.
19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დასკვნის მიღების შემთხვევაში, ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს.
14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.
18 სექტემბერს, სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა.
ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე “ქართველ-რუს ოლიგარქად” არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.
სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობას, არსებული ინფორმაციით, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. ამაზე საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც.
საქართველოში არსებული კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მას ავტომატურად უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა.