მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს რუსეთთან ომის პირობებში აღნიშნავს

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. მანამდე, 1990 წლის 16 ივლისს უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. 1991 წლის 17 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი, კითხვით – სურდა თუ არა ქვეყნის მოსახლეობას სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. გამოკითხულთა დაახლოებით 80%-მა კითხვას დადებითად უპასუხა.

თუმცა, ამავე წლის აგვისტოში, ქვეყანაში “აგვისტოს პუტჩი” მოხდა – მიზანი [სსრკ-ს პრეზიდენტი] მიხეილ გორბაჩოვისთვის მართვის სადავეების ჩამორთმევა და ძველი სახელმწიფო წყობის დაბრუნება იყო. ამისთვის, 1991 წლის 24 აგვისტოს [უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის] უმაღლესმა რადამ საგანგებო სხდომა მოიწვია და უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ აქტი მიიღო, რომელიც თავის მხრივ 1991 წლის 1 დეკემბერს რეფერენდუმით დადასტურდა.

“უკრაინელი ხალხის ნებისა და მათი დამოუკიდებლობის მარადიული სურვილის გათვალისწინებით, რაც 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის მიღების ისტორიულ მნიშვნელობას ადასტურებს, უკრაინის უმაღლესი რადა იღებს გადაწყვეტილებას: 24 აგვისტო განიხილოს როგორც უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნოს ეს თარიღი ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო დღესასწაული”, – წერია მიღებულ აქტში.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი მილოცვას ავრცელებს და უკრაინელ ხალხს მიმართავს.

”დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ფასეულობაა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია. ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: “სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა დავუმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?”. დღეს მე მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს, რომელმაც თავის შვილებს ჩაუნერგა უკრაინის სიყვარული და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას ის”, – წერს ზელენსკი

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი 1990 წლის 16 ივლისს მოაწერა, თუმცა დოკუმენტი სწორედ 1991 წლის აგვისტოში გამოვიდა და რეფერენდუმით იმავე წლის 1 დეკემბერს დადასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button