მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დღესასწაულებზე რუსები უკრაინაზე მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

როგორც ომის მონიტორინგის ბელორუსული ჯგუფი ტელეგრამზე წერს, ორი რუსული ავიაგამანადგურებელი Mig-31K ბელორუსში მდებარე სამხედრო აეროდრომიდან აფრინდა.

ამასთან სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის თქმით, დღესასწაულებზე რუსები უკრაინაზე მასობრივ თავდასხმებს გეგმავენ.

კერძოდ, მისი თქმით, შავ ზღვაში ოკუპანტების აქტიურობა და სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადება შეინიშნება. ასევე, შესაძლებელია, დარტყმები იყოს კომბინირებული – კამიკაძე დრონების გამოყენებით.

“ჩვენ ვაკვირდებით მათ გარკვეულ აქტივობას. დიდი ხნის განმავლობაში მათ არ წაუყვანიათ რაკეტმზიდი შავ ზღვაში. ამჟამად არის სამი რაკეტმზიდი, რომელთაგან ორი წყალქვეშა ნავია. შეგახსენებთ, რომ ეს გარკვეულწილად ართულებს რაკეტების გაშვების გამოვლენას, მაგრამ მაინც არ არის შეუძლებელი საჰაერო თავდაცვაზე დარტყმა, ამიტომ მზად ვიქნებით და ვიმოქმედებთ”, – თქვა გუმენიუკმა.

მან დასძინა, რომ უკრაინელი სამხედროები ასევე აღრიცხავენ მტრის სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაციის მომზადებას მასიური სარაკეტო დარტყმისთვის.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის 26 დეკემბრის ცნობით, ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს. რუსეთის სპეცსამსახურის თანახმად, ისინი უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრასა და „დივერსიულ-ტერორისტული აქტის“ ჩადენას გეგმავდნენ.

როგორც უკრაინული გამოცემა “ევროპეისკა პრავდა” წერს, რუსული მედიითა და სოციალური ქსელებით გავრცელებული ეს ინფორმაცია მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ, ევგენი კარასმა, დაადასტურა.
მან თავის ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ფოტოები, მათი ვინაობა და გამოთქვა ვარაუდი, რომ 4 უკრაინელი ჯარისკაცი დანაღმული ველზე აფეთქდა.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური ამტკიცებს, რომ უკრაინელი დივერსანტები საბრძოლო შეტაკების დროს დახოცეს. რუსეთის მხრიდან დანაკარგების შესახებ მოსკოვი არაფერს იუწყება. რუსული მხარის ცნობით, დივერსანტები შეიარაღებული იყვნენ უცხოური იარაღით, მათ შორის SIG Sauer-ის მარკის პისტოლეტ-ავტომატით, კავშირგაბმულობის და ნავიგაციური აღჭურვილობითა და ასევ 40 კგ-ის ტროტილის სიმძლავრის ოთხი ბომბით.

უკრაინულ მხარეს 4 მებრძოლის დაღუპვის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ბრიანსკის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, საგამოძიებო პროექტ Insider-ის თანახმად, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა რკინიგზაზე ავარიების რაოდენობა. მათზე პასუხისმგებლობას იღებენ ჯგუფები, რომლებიც თავს პარტიზანებს უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ საბოტაჟის მიზანია, აღიკვეთოს ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გადაყვანა უკრაინაში, ფრონტის ხაზზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button