მნიშვნელოვანისიახლეები

ქართველი მოცეკვავეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

აქციების 24-ე დღეს, 21 დეკემბერს, თბილისში 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი

რუსთაველის გამზირზე ისევ ხალხმრავლობაა – ავტომანქანების სავალი გზა გადაკეტილია. აქციას თანდათან უერთდებიან დღის განმავლობაში დაგეგმილი აქცია-მსვლელობების მონაწილეები.

ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით – „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. ამასთან, მოცეკვავეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ, გზადაგზა კი სკანდირებდნენ – „საქართველო“.
ისმის შეძახილები, “საქართველოს გაუმარჯოს”.

ოპერასთან მოცეკვავეები ხორუმს ცეკვავენ, რის შემდეგაც ისინი პარლამენტისკენ გაემართებიან.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეები – ქუთაისელები, აჭარლები, რაჭველები, მეგრელები, სვანები – სხვადასხვა ლოკაციებზე იკრიბებოდნენ. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით პარლამენტთან შეიკრიბებიან.

დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნას შეუერთდნენ და მსვლელობა მოაწყვეს კახა ბენდუქიძის კამპუსის წევრებმა, ასევე პედაგოგებმა.

აქციების 24-ე დღეს, 21 დეკემბერს, თბილისში 20-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იყო დაგეგმილი.

მეგრელები – თსუ-სთან, ჭავჭავაძის გამზირზე შეიკრიბნენ, სვანები – ფილარმონიასთან; ქართლელები – მზიურის პარკთან, იმერლები – მარჯანიშვილის მოედანზე; რაჭველები – ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ, ხოლო მესხების მარშმა – რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი. ქუთაისელები – რეზო გაბრიაძის თეატრთან შეხვდნენ ერთმანეთს, აჭარლები – ევროპის მოედანზე; არაგველების მარშის მონაწილეები ბუკიას ბაღში იყვნენ დაბარებული.

მსვლელობა მოაწყო ISET-მა, “ბენდუქიძის უნივერსიტეტმა” – ქუჩაში სტუდენტებთან ერთად, ლექტორებიც გამოვიდნენ. ცალკე იყო გაფიცული ლექტორებისა და სტუდენტების მარში. მათი მსვლელობის დროს აღმაშენებლის ხეივანი და თბილისის სხვა ქუჩები და გამზირები.

21 დეკემბრისთვის მარშები ცალ-ცალკე დაგეგმეს ტატუ-არტისტებმა, გეიმერებმა, მოცეკვავეებმა, უძრავი და მოძრავი ქონების ექსპერტ-შემფასებლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, მასწავლებლებმა, იოგის მოყვარულებმა და პროფესიონალებმა. მსვლელობა დაგეგმეს მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებმაც.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნებია – აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

უკვე სამ კვირაზე მეტია, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაპროტესტების პროცესში, ხალხმა მასობრივად ქუჩაში გამოსვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი. 2028 წლის ბოლომდე გადადებული საკითხი კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპია და აუცილებლად გასავლელია – ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button