მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დიანა ტრაპაიძემ ტვ “პირველი” დატოვა

ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე ტელეკომპანია “პირველიდან” მიდის. შესაბამისი განცხადება მან ფეისბუქში გაავრცელა.

“დღეიდან „დღის ამბებს“ აღარ წავიყვან. მივდივარ ტელევიზიიდან, მაგრამ სულ ვიქნები TV პირველის გულშემატკივარი. იქ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები მუშაობენ და წარმატებები მათ.
განსაკუთრებული მადლობა ვატოს, ინგას, ჟიჟის, ვახოს, ნანას. მათთან და სხვებთან ერთად, მეც ვაკეთებდი არცთუ ურიგო ტელევიზიას და იქ პროფესიული ცხოვრების ალბათ საუკეთესო 4 წელი გავატარე.
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა.
პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან.” – წერს დიანა ტრაპაიძე.

ტვ “პირველიდან” დიანა ტრაპაიძის და მასთან ერთად, ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილის წასვლის შესახებ, heretifm.com რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, მაგრამ მაშინ ჟურნალისტი გავრცელებულ ცნობებს კატეგორიულად უარყოფდა. მან განცხადება ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა და აღნიშნულ ინფორმაციას “ფეიკი” უწოდა.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ტვ “პირველი” ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა დატოვეს და შესაბამისი განცხადება “პოლიტმეტრის” პირდაპირ ეთერში გააკეთეს. მანამდე კი, არც მათ და არც არხის ხელმძღვანელობას ამის შესახებ არაფერი განუცხადებიათ. სანაიასთან და ჟიჟილაშვილთან ერთად, არხი დატოვა “პოლიტმეტრის” შემოქმედებითმა ჯგუფმა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტელეკომპანია “ფორმულაში” გააგრძელებენ მუშაობას.

მანამდე კი, არხზე მოვლენები შემდეგი ქრონოლოგიით განვითარდა:

21 აპრილს ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე ტვ “პირველის” მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. ამის შემდეგ, მთავარი არხიდან “ტვ პირველზე” კიდევ ექვსი ჟურნალისტი გადავიდა.

პირველ მაისს ცნობილი გახდა, რომ ნინო ჟიჟილაშვილი “ტვ პირველის” საინფორმაციოს აღარ უხელმძღვანელებდა. წასვლის მიზეზები ჟიჟილაშვილმა ასე განმარტა: “საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით არხის ხელმძღვანელობისა და ჩემი ხედვები ამ ეტაპზე არ დაემთხვა ერთმანეთს. კონკრეტულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით”.

პირველ მაისს ტვ “პირველის” დირექტორი ინგა გრიგოლია ”ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ნინო ჟიჟილაშვილის ახალი გადაცემა და ტელეკომპანიაში მიმდინარე ცვლილებების პროცესი იყო: “ნინო იწყებს ახალ გადაცემას. იქნება ძალიან დიდი თოქ-შოუ, კორონავირუსი გადაივლის და უკვე წინასაარჩევნო პერიოდში შევდივართ და ჩვენც ახალი გამოწვევებისთვის ვემზადებით. ნინო იქნება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარაკევს დიდი გადაცემით და მე ჩავანაცვლებ მას საინფორმაციოს ხელმძღვანელის პოზიციაზე”.

6 ივნისს კი, ინგა გრიგოლიამ TV პირველის დირექტორის პოსტი დატოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button